თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება „ქართული წესებით ითამაშებს“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, შეუძლიათ, ის „თავისთვის დაიტოვონ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კალაძის კომენტარი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ მიიღებს სტატუსს, თუ ევროკავშირის წესებით არ ითამაშებს.
„ეს არის იმ თამაშის და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“, - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მისივე განცხადებით, ე.წ. მეგობრებისთვის, რომლებშიც ის ევროპარლამენტარებს გულისხმობს, საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის იმიტომ, რომ „ომში არ ჩაერთო და აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს ეხება“.
„ის, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, არის პირდაპირი რეკეტი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც, რა ვიცი... ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მივისწრაფვოდით და მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვაკეთებდით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით, მაგრამ ის, რასაც დღეს ვხედავთ, რასაც ვაწყდებით, კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელი. ვიხილეთ რამდენიმე აბსურდული რეზოლუცია, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს.
ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ რასაც ახლა ვისმენთ თუნდაც საკაშვილთან მიმართებაში, რა კამპანიაც არის წარმოებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პირდაპირ ჩართულები არიან ე.წ. ჩვენი მეგობრები. მათი თითოეული განცხადება არის აბსურდზე, სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე დაფუძნებული“, - აღნიშნა კალაძემ.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში 14 თებერვალს განაცხადა, რომ ისეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, საქართველოს მთავრობისთვის ტესტია. კუბილიუსის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, რომელიც 2021 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. აღნიშნული რეკომენდაციები ეხება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარებას, დეოლიგარქიზაციას, სასამართლო რეფორმის გატარებას, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერებას, სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის არჩევას და ა.შ. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებაზე საკუთარ ანგარიშს 2023 წლის შემოდგომაზე წარმოადგენს.