არ ვენდობით „ქართულ ოცნებას“ - პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე გაიმართება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღეს, 9 მარტს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, უკან დაეხია, თუმცა არ ენდობიან, რომ აგენტების შესახებ რუსულ კანონზე უარი თქვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს არის მატყუარა რუსების გუნდი, რომელმაც ჩვენ არაერთხელ მოგვატყუა. მოგვატყუა 20 ივნისს, მოგვატყუა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, მოგვატყუა შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით. მოგვატყუა ყველაფერში.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გახმობის სამართლებრივ პროცედურას. ერთადერთი გზა იმისთვის, დავიჯეროთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ კანონზე არის შემდეგი: გამოიხმონ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ამ რუსული კანონის ორივე ვერსია, ორივე დააყენონ კენჭისყრაზე და ჩააგდონ. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა რუსულ კანონზე. სანამ ეს არ მოხდება, ვაგრძელებთ პროტესტს“, - თქვა პარტია „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ.

აქციის ორგანიზატორები ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებასაც მოითხოვენ.

„დღეს აუცილებლად იქნება აქცია, რადგან უამრავ ახალგაზრდას არ გვაქვს ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ. მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას - ერთი მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონპროექტი, რადგან მათი განცხადებები ბუნდოვანია და მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, არიან დაჭერილები და ვიდრე ისინი არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე მარტივად ექნება“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

„ჩვენი პროტესტი არ შეწყვეტილა. ამას შემდგარ გამარჯვებად ვერ შევაფასებთ, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრები არათუ დაკავებულები არიან, არამედ მათი ადგილსამყოფელიც არ ვიცით.

ჩვენ პასუხი არ გვაქვს მთავარ მოთხოვნაზე - „ქართულმა ოცნებამ“ თავის განცხადებაში მოსახლეობასთან რაღაც კონსულტაციებზე ისაუბრა. ეს [გაწვევა] უნდა მოხდეს უპირობოდ. ამაზე ქართველმა ხალხმა თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად გასცა პასუხი.

ევროპულ მომავალს რუსეთს არ დავუთმობთ, ეს ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. ვიცით, რომ „რუსული ოცნება“ თავის რუსულ ბუნებას ამ კანონის გაწვევითაც ვერ შეიცვლის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გაიწვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით ორი დღის წინ მიიღო. „როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“, - ნათქვამია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომლებიც ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და სხვა საშუალებების გამოყენებით დაარბია. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.