პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. ზურაბიშვილის თქმით, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია, უკვე რამდენიმე კვირა თუ თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ყველა, ვისაც ჰქონდა რაღაც ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს.
დღეს ამ არარსებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა საკუთარ ხალხს არა მშვიდობა, არამედ ომი, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის მომავალს.
ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი, გარდა რუსეთისა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. მისი თქმით, დიპლომატებს სთხოვა, „ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები“
„დღეს მე დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათ ვუთხარი, ცოტა დააგვიანეს შეფასებები. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია. პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის, მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ის, რისთვისაც ვიბრძვით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა
საჯარო მოხელეებს, ქართველ ელჩებს, პოლიციას, ჯარს და საზოგადოებსაც მიმართა. მისი თქმით, დროა იფიქრონ იმაზე, რა მომავალს უტოვებენ შვილებს.
„მინდა, მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ. დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? ... რუსეთს გინდათ, ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთი არის, თუ ჩვენ, ყველამ ჩვენს ადგილას არ ამოვიღეთ ხმა.
მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს: თქვენ, სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ, თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში მოქალაქეების დაცვაა და არა მონების და არა რუსების და არა უცხოელების და არა მოღალატეების. ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში ის, რაც თქვენი გადასაწყვეტია.
მინდა მივმართო ქართულ ჯარს, მინდა მივმართო იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველა მეტად სტკივა გული, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის ყველაზე ერთგულია ამ ქვეყნის, ჯარს ყველაზე მეტად სტკივა გული, რომ ეს ქვეყანა იმ რუსეთს უბრუნდება, რომლიდანაც ძლივძლივობით გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ სასახლეში გამოფენილია ჩვენი ეროვნული გმირების პორტრეტები, ეს გმირები იქნებიან აქ და ვერავინ ვერ ჩამოხსნის მათ, ისევე, როგორც ვერავინ წაგვართმევს ჩვენს დამოუკიდებლობას.
მე მოგმართავთ ყველას - ვინც სახლში ხართ, ვინც გამოსული ხართ, არ დაკარგოთ იმედი. არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. როგორი იქნება ეს პროტესტი, სამართავია მომავალ დღეებში. ეს არის საზოგადოების და გაერთიანებული ძალების გადასაწყვეტი ამ დღეებში. არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე უარს ამბობს. ამის შესახებ არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.