2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებას არ გავხსნით - კობახიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს.

ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა.

სრულიად საქართველო იყო საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის ჩარევის მომსწრე, რაც დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. დღეს კი, იგივე ადამიანები ლეგიტიმურ არჩევნებს თავს ესხმიან. მეტიც, ისინი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმიან თავს ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელ მისიას, რომელმაც არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, როგორც ამას საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ.

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ტექნიკური თვალსაზრისით, მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე მხოლოდ წელიწადნახევარი, 2 წელიწადი არის საჭირო, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი. აქედან ჩანს, თუ რამდენად ხელოვნური და შესაბამისად, უკიდურესად შეურაცხმყოფელია ის შანტაჟი, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილი მოლაპარაკებების გახსნის თემით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს“.

„საქართველოს სთხოვენ არა რეფორმებს, არამედ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს არის „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, სანქციების დაწესება და საქართველოს ეკონომიკის ჩვენივე ხელით ჩამოშლა, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და სხვა.

ჩვენ მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ ევროკავშირისკენ. ეს არის ქართული საზოგადოების, იმ 1 120 000 ამომრჩევლის დაკვეთა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ კურსს მყარი ნდობა გამოუცხადა.

2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით.

ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია. მიგვაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა კობახიძემ.

ევროპარლამენტმა დღეს 444 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და სხვა მაღალი დონის თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხელახლა, საერთაშორისო ზედამხედველობით უნდა ჩატარდეს.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ქვეყნის განგრძობადი დემოკრატიული უკანდახევის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.