არასამთავრობოები: ოკმელაშვილის საქმე უფლებამოსილების გადაჭარბების მაგალითია

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული და 5 წლით პატიმრობამისჯილი გიორგი ოკმელაშვილის საქმეში დარღვევებზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და სახელისუფლებო მედიის კოორდინირებულ ქმედებებზე მიუთითებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს სისხლის სამართლის საქმე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ კოორდინირებენ ერთმანეთთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეგროვდეს მტკიცებულებები მათთვის სასურველი კონკრეტული პირის წინააღმდეგ. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არის მაგალითი იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა და ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა.

სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს და ბრალად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმა წარუდგინეს. 2025 წლის 3 თებერვალს ის ცნობილი იქნა დამნაშავედ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევის მიხედვით, ოკმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გამოძიებულია დაჩქარებულად, ფაქტობრივად სამ დღეში. გამოძიებას აწარმოებდა 15 გამომძიებელი, რაც კვლევის ავტორების შეფასებით, უპრეცედენტო რაოდენობაა.

გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია პოლიციის ოთხი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი - ალექსანდრე ოხანაშვილი დაზარალებულადაა ცნობილი.

„დაზარალებულ პოლიციელს არ მიუმართავს საგამოძიებო ორგანოსთვის დაუყოვნებლივ, მიმართა მეორე დღეს, როდესაც საგამოძიებო ორგანოს უკვე ჩატარებული ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებები სწორედ იმ მიზნით, რომ მომხდარიყო გიორგი ოკმელაშვილის მიმართ დევნის დაწყება. როგორც წესი, დაზარალებულები ასე არ იქცევიან.

ამ საქმეზე მოწმეები არიან მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაიკითხნენ სხვადასხვა გამომძიებლის მიერ, ისინი აბსოლუტურად იდენტური ტერმინოლოგიით, იდენტური მახასიათებლებით აღწერენ როგორც გარემოებებს, ისე თავად ბრალდებულს, გიორგი ოკმელაშვილს.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინააღმდეგობებია საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში. მაგალითად, ერთ-ერთი მოწმე 40 წუთში კახეთიდან დიღმის საგამოძიებო ორგანოშია გამოცხადებული, რაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქმის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სამ დღეში ჩატარებულია 60-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ლონდა თოლორაიას შეფასებით, უკანონოა თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ფოტოსურათით ამოცნობა.

„გიორგი ოკმელაშვილის ფოტო ამოსაცნობად წარედგინა სამ პოლიციელს. სამივე შემთხვევაში ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარების საფუძვლად მითითებულია, რომ „უცნობია გიორგი ოკმელაშვილის ადგილსამყოფელი“. ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ შეუძლებელი იყო გიორგი ოკმელაშვილის პირადად წარდგენა ამოსაცნობად ან ეს დაკავშირებული იყო არაგონივრულ ძალისხმევასთან. საქმეში არ ჩანს ამოცნობაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გიორგი ოკმელაშვილთან დაკავშირების, მისი ძებნის მცდელობა ან/და გიორგი ოკმელაშვილის მიერ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარის თქმის ფაქტი“, - აღნიშნა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიას თქმით, ასევე უკანონოა საქმეზე ჩატარებული „აბსოლუტურად ყველა ჩხრეკა-ამოღება“.

„სულ ჩატარებულია 7 ჩხრეკა-ამოღება, აქედან 4 გადაუდებლად. არცერთ დადგენილებაში, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს გამოტანილი, არ საბუთდება კონკრეტულად რა გარემოებებმა განაპირობა ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რა მტკიცებულებები მიუთითებდა მათი ჩატარების საჭიროებაზე. ასევე,

ყველა შუამდგომლობა, რომელიც სასამართლოს წარედგინა პროკურატურის მიერ, არის დაუსაბუთებელი. არცერთ მათგანში არ არის მითითებული, რა საგნის, ნივთის მოსაძებნად უნდა ჩაატაროს საგამოძიებო ორგანომ ჩხრეკა ან ამოღება, რაც აუციელებელი მოთხოვნაა საპროცესო კანონმდებლობით.

არც სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებებში არის მითითებული, რა ნივთების აღმოსაჩენად უნდა ჩაეტარებინა საგამოძიებო ორგანოს ეს საგამოძიებო მოქმედებები. ეს არის ძალიან კოორდინირებული მუშაობა პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოს შორის“, - განაცხადა ლონდა თოროლარია.

კვლევის ავტორების შეფასებით, გიორგი ოკმელაშვილის საქმე „თვალნათლივ აჩვენებს, რომ პროკურატურა ვერ ასრულებს საგამოძიებო ორგანოზე მონიტორინგის ფუნქციას, რაც მისი მთავარი მოვალეობაა“, ისევე, როგორც სასამართლო ვერ ასრულებს საგამოძიებო ორგანოებზე და პროკურატურაზე მაკონტროლებლის როლს და „არის პროკურატურის შუამდგომლობების უპირობოდ დამკმაყოფილებელი“.

კვლევაში ნათქვამია, რომ ოკმელაშვილის საქმე „არის სახელმწიფოს მიერ მისი უფლებამოსილების გადაჭარბების კარგი მაგალითი“.

„საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურისა და სასამართლოს დახმარებით, გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. ჩხრეკა-ამოღებების დროს ამოღებულია ნივთები, საგნები, რაც არ ემსახურება მტკიცებულებების შეგროვების მიზანს. ერთადერთი მიზანი იყო ბრალდებულის ბიზნეს საქმიანობის შეფერხება და დასჯა. ამოღებულია მანქანა, რომელიც არც დანაშაულის საგანია, არც დანაშაულის იარაღია, არც კვალი აღენიშნებოდა. მისი ოფისიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ტექნიკა, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დანაშაულთან“, - აღნიშნა თოლორაიამ.

კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული სამთავრობო პროპაგანდიტულ ტელეარხთან, „იმედთან“ კოორდინაციაზეც. კერძოდ, როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, „იმედიდან“ უპრეცედენტოდ შემჭიდროებულ ვადებშია ამოღებული ვიდეოჩანაწერები.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევის მიხედვით, არასრულყოფილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაზარალებულად ცნობილ პოლიციელს, ალექსანდრე ოხანაშვილს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება დაუდგინა, თუმცა დასკვნას არ დაურთო დაზიანებების ამსახველი ფოტოები, რაც „აჩენს დასაბუთებულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომელს საერთოდ არ ჰქონდა დაზაიანებები“.

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა სასამართლომ და პროკურატურამ კოორდინირებულად გააჭიანურეს, რათა თავიდან აეცილებინათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულის შეწყალება.

„ეს ადასტურებს ამ საქმეზე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურ მოტივაციას“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

გიორგი ოკმელაშვილის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილია, ხოლო მოსამართლეები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული პროკურორის შუამდგომლობები, არიან - დავით მგელიაშვილი, დავით კურტანიძე, თეონა ეპიტაშვილი. საქმე არსებითად განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა.

საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.