რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს, 3 თებერვალს გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის გაზაფხულზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობდა. ის 15 მაისს დააკავეს, რასაც წინ უძღოდა მის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში ჩატარებული ჩხრეკა.
საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს, პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას, იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. პროკურატურამ ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გიორგი ოკმელაშვილმაც წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდა.
„პოლიციელები იყვნენ თუ არა ისინი, ვინც ჩვენზე ძალადობდა, მე არ ვიცი. თუ ვიდეოებს ნახავთ, დაინახავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ხაზს არღვევდნენ შავებში ჩაცმული ადამიანები, ჯგუფად მოემართებოდნენ ჩვენკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. მერე ისევ უკან წავიდოდნენ, ჩვენებს წაიყვანდნენ, ჩვენებში დემონსტრანტს ვგულისხმობ, და შემდეგ იქ ათმაგად უსწორდებოდნენ. ამ ჯაჯგურში, ხელის კვრაში ალბათ მოხდა ის ფაქტი, რასაც ქალბატონი ანა [პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი] ეძახის ჩუმად მიპარვას და თავდასხმას“, - განაცხადა გიორგი ოკმელაშვილმა 15 იანვარს გამართულ პროცესზე.
პროკურატურა ოკმელაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) ედავებოდა, თუმცა აღნიშნულ მუხლს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო.
გიორგი ოკმელაშვილის განაჩენის გამოცხადებას ხმაური და შეძახილები - „მონებო“ მოჰყვა. დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატ კობა ბარამიას თქმით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ ჰქონდა მიღებული და მისი გამოცხადება დღემდე ხელოვნურად გაჭიანურდა მხოლოდ იმის გამო, რომ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მსჯავრდებულის შეწყალება ვერ მოესწრო.