პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნები როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში ძალიან ბევრ უბანზე სისტემური დარღვევებით ჩატარდა, როგორიცაა ხმის მიცემა სხვისი პირადობის მოწმობების მეშვეობით, ამომრჩევლის მოსყიდვა, ბათილი ბიულეტენების ჩათვლა „ქართული ოცნებისთვის“ და ბიულეტენში 41-ის წინასწარ მონიშვნა, რომ ოპოზიციისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში ბიულეტენი გაეუქმებინათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„წინა დღეებში ადამიანებს ართმევდნენ პირადობის მოწმობებს იმისათვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი პირადობის გარეშე დაეტოვებინათ სახლებში და მათი პირადობის მოწმობების გამოყენებით, უბნებზე სხვა ადამიანებს მიეცათ ხმა. ჩვენ არ გვქონდა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, დღეს ეს მტკიცებულება მოვიპოვეთ და ცალსახად დადასტურდა, რომ რეალურად სხვა ადამიანების პირადობის მოწმობების გამოყენებით, სხვა ადამიანები აძლევდნენ ხმას.
ეს ალბათ საზოგადოებისთვის გასაკვირი არ არის იმ ფონზე, როცა წინა კვირაში ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან დეტალური სქემა, როგორ იყო დაკომპლექტებული საუბნო, საოლქო კომისიები, ცენტრალურ დონეზე, მთლიანად „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი ადამიანებით და მთლიანად „ოცნების“ პარტაქტივით. კონკრეტული ფოტო გვაქვს, კონკრეტული მტკიცებულება, სადაც ჩანს ადამიანი ერთი სახელით და გვარით და ხელში უჭირავს მეორე ადამიანის პასპორტი.
რაც შეეხება მეორე სისტემურ დარღვევას, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ასეულობით ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე, ეს გახლავთ მოსყიდვები. კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებები წარმოვადგინეთ, ფულს როგორ არიგებს მიკროავტობუსებით ჩამომდგარი „ოცნების“ პარტაქტივი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს.
შემდეგი სისტემური დარღვევა, რომელიც სულ ახლახან, ხმების გადათვლის დროს გამოვლინდა, არის ბათილი ბიულეტენები. ამომრჩეველს გამოხატული აქვს ნება, რომ არ ირჩევს არცერთ პარტიას და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გადახაზული, ხაზი სადღაც, რაღაცა დოზით „ოცნების“ 41-ის წინ არსებულ რგოლზე გადის, ასეთი ტიპის ბიულეტენებს უთვლიან „ოცნებას“. ეს ხდება ყველა უბანზე. რა თქმა უნდა ამას შედეგებზე აქვს კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა.
ახლა, ამ წუთებში ხმების გადათვლა სანთლის შუქზე მიმდინარეობს, 90-იანები დააბრუნა „ოცნებამ“ იმიტომ, რომ გაყალბების მასშტაბები გაეზარდა - ხარაგაული, ზესტაფონი, გონიო, გორი, ხობი და ა.შ. ჯერ კიდევ გვაწვდიან ინფორმაციას. უშუქოდ მიმდინარეობს ბიულეტენების გადათვლა ხელით და რა მდგომარეობაა, ალბათ, ყველასთვის ცხადი და ნათელია.
დღის განმავლობაში ათეულობით ფაქტი დააფიქსირეს ჩვენმა წარმომადგენლებმა, „ოცნება“ არიგებდა ბიულეტენებს, სადაც წინასწარ იყო 41 მონიშნული წრის შიგნით. ამ წუთის მდგომარეობით 50-ზე მეტი საჩივარია ჩვენს მიერ ცესკოში შეტანილი და წარმოიდგინეთ, რამდენად მასშტაბურია ეს დარღვევები, რომ ამდენი საჩივარი შევიტანეთ.
რას ნიშნავს მონიშნულ ბიულეტენს რომ აძლევენ ადამიანს? ადამიანი თუ შემდეგ აფერადებს მაგალითად 25-ს, ეს ბიულეტენი, ანუ ორჯერ ნება გამოხატული, არის ბათილი ბიულეტენი. ოპოზიციის ბიულეტენები რომ გაეფუჭებინათ, ასეთი რამ მოიფიქრეს.
დილის 8 საათიდან, როგორც კი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, მასშტაბურად დაფიქსირდა კარუსელის მეორე ნაირსახეობა, გარდა ამ პირადობებისა. ერთ ამომრჩეველს აძლევდნენ 2 ბიულეტენს. ეს ჩვეულებრივი ე.წ. სომხური კარუსელი. შედიხარ, ერთი გამოგაქვს, მეორე შედის ამ ბიულეტენით და ა.შ. საჩივრები გვაქვს ამ ყველაფერზე დაწერილი. დღეს რომ ცესკოს თავჯდომარე გამოვიდა, „ოცნების“ საქმე გააკეთა და გონორზე იდგა იქ, ტრიბუნასთან, დიდი იმედი მაქვს, ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება ექნება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, ამ სისტემურ დარღვევებს პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე და შედეგები ბუნებრივად იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 3111 საარჩევნო უბნიდან 2206-ის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 53% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – (11.2%), „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – (9.83%), „ძლიერმა საქართველომ“ – (9.02%) „გახარია საქართველოსთვის“ – (8.22%).
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9% მიიღო, ოპოზიციამ ჯამურად 51,9%.