საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებს, თავდასხმის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს შეხვდენენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
დღეს, 9 დეკემბერს, ინგოროყვას კლინიკაში მისულ დიპლომატებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, დანიისა, ლიეტუვის, ლატვიისა და შვედეთის ელჩები. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, ელჩების ნაბიჯი „მნიშვნელოვანი სოლიდარობაა“ გამომძიებელი ჟურნალისტების მიმართ.
„მათ ისაუბრეს, რომ მოძალადეების მხრიდან ჟურნალისტებზე სისხლიანი ანგარიშსწორება და საქმეების გამოძიების მიმართ გულგრილობა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.
ჩვენ ვხედავთ, რომ კარლო კაციტაძის უწყებას [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულიდან 48 საათის შემდეგაც არ ჰყვას ერთი ბრალდებულიც, არადა დადასტურებულია კადრებით, რომ 7 ადამიანი ძალადობდა გიორგი შეწირულზე და მაკა ჩიხლაძეზე, ხოლო 25 ადამიანი იყო იმ ჯგუფში, რომელიც იმ დღეს თავს ესხმოდა ჩვენ ჟურნალისტებს და აქციის სხვა მონაწილეებსაც. ეს ნიშნავს, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი დანაშაული და მას ჰყავს ერთადერთი დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი. უტყუარია და კადრებით დასტურდება, რომ ამ რაზმს ჰყავდა მეთაური, რომლის მოქმედებები აჩენს განცდა, რომ ის არის სპეციალური მომზადების მქონე ადამიანი და ასევე ის პირი ნიღაბში, რომელიც თავს ესხმის მაკა ჩიხლაძეს“, - განაცხადა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ.
7 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ბესიკის ქუჩაზე, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებზე ე.წ. ტიტუშკების ძალადობას იღებდნენ, რა დროსაც ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. გამომძიებლებმა გამოკითხეს გიორგი ლალიაშვილი და გამოკითხვაზე დაიბარეს ლუკა თოფურიძე. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი თავდასხმაში მონაწილე პირებს შორის არიან.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მომხდარი პროვოკაციად შეაფსაეს. როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, „99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე.“
