„გაუთვალისწინებელი ინციდენტია“ - მდინარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტების ცემაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმას „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვით გამოეხმაურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 „მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, წლების განმავლობაში, სხვებს რომ თავი დავანებოთ, იმდენ „ფეიქს“ აკეთებდა ჩემზე, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან. თუ ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიაზე და მსგავს რაღაცებზე ახლოს ვილაპარაკოთ ოდნავ მაინც, არათუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ახლოს ვილაპარაკოთ, ყველაფრის მიუხედავად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ამაზრზენი და ამორალური. ეს იმის გაგრძელებაა სხვები რომ ვერ ბედავენ, მისივე კოლეგები, რომ ამორალური უწოდონ ჟურნალისტზე თავდასხმას. მართალია იქ ფიზიკური არ ყოფილა ასეთი, რომ კისერი გადაეგრიხოს ვიღაცას და გადაეგდოს გვერდზე ქალი ჟურნალისტი, რაც მართლა ამორალურია, მაგრამ იქ რომ როცა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოჰყვება ალბათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ირწმუნება, რომ ისინი, ვინც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს, არც პოლიციის, არც სპეცსამსახურის ან სპეცრაზმის და არც „ქართული ოცნების“ აქტივის წარმომადგენლები არ არიან.

„მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება, ვისაც აწყობს არეულობა? ეჭვი თუ გინდათ, ოღონდ საფუძვლიანი ეჭვი, ეს იმის გაკეთებულია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს, დარწმუნებული ვარ. უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ., თავად როგორც უწოდებენ, „კარწინკები“ სჭირდება, იმის გაკეთებულია, სავარაუდოდ. ამას გამოძიება ჭირდება, მაგრამ 1%-იც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. 1%-იც რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ ახლა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია, თავს დაესხა და ამით ჰგონია, რომ რაღაცა ვითომ ან „ოცნებისკენ“ ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა, ან გამოხატა მხარდაჭერა, პირიქით, მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს.

აი, შედეგს გეტყვით: ახლა ერთი კვირა, მინიმუმ, ილაპარაკებენ ამ ფაქტზე. არაფერი აღარ იქნება ახლა, აღარც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ, არაფერი არ დააინტერესებთ.

მივეჩვიეთ რომ ძალადობის დაგმობის საფარქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი. ვითომ ეს ძალადობა ვინმეს ინიცირებული იყოს. ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ სახეში წიხლებს ურტყამდნენ ადამიანს, რომელიც წაქცეული იყო. ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა ერთ-ერთი სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაარტყა, თუ როგორც იყო. ეს ორი ფაქტი იყო განსაკუთრებით ცუდი სანახავი და ასევე ამორალური, რაც იმ შემთხვევაში აზიანებდა მისივე კოლეგების იმიჯს, მაგრამ ამის გარდა, ახლა გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი, ამავდროულად ამორალური ინციდენტი, ეს არის მავნებლობა, თუ ვინმეს რამე უნდა შეაფასოს და ვიღაცა ისეთის გაკეთებულია, რაც მართლა პროცენტზე ნაკლები შანსია რომ იყოს, მაგრამ რეალურად 99%-იანი შანსია - მე მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია ვისაუბრო, უფრო დაბეჯითებით ვერაფერზე - რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე მინიმუმ ერთკვირიანი საქმეები გააკეთოს“, - განაცხადა მდინარაძემ მთავრობის პროპაგანდისტული არხის ეთერში.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, იქნება ინციატორი იმისა, რომ აქციებზე ნიღბით სიარული აიკრძალოს. „ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემა იქმნება, ქვებს ისვრიან, სპეცრაზმს ესვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ ან ვერა, ახლა ჟურნალისტს თავს დაესხნენ, ან მიაგნებ ან ვერა. ნიღბით ასე სიარული უნდა იყოს აკრძალული. მე და ირაკლი კობახიძე ვლაპარაკობდით გუშინ, რაღაც კადრს ვუყურებდით და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზეა, დაახლოებით ვიცი“. 

ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის თქმით, ის და ოპერატორი გიორგი შეწირული მოქალაქეებზე ე.წ. ტიტუშკების ძალადობას იღებდნენ. როგორც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოძალადე ნიღბიანები სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმელები იყვნენ.

მოგვიანებით, სავარაუდოდ, იგივე ჯგუფი შევარდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისში, სადაც კობა ხაბაზი და კიდევ ორი ადამიანი სცემეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.