ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულია ნეონაცისტური დაჯგუფების, „მანიაკური მკვლელობის კულტის“ ლიდერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი ნიუ-ორკში, ბრუკლინის ებრაული სკოლების ბავშვების მოწამლული ტკბილეულით დახოცვას გეგმავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ ჩხიკვიშვილს ბრალად ებრაელებსა და რასობრივ უმცირესობებზე მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა, ასევე, მსგავსი ძალადობრივი ქმედებების ჩასადენად სხვათა წახალისება ედება. ის ინტერპოლით იძებნებოდა და 6 ივლისს მოლდოვაში დააკავეს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში, ბრუკლინში ბებიასთან 2022 წლის ივნისში ჩავიდა. სავარაუდოდ, სულ მცირე, ივლისიდან, ძირითადად, დაშიფრული მობილური შეტყობინებების პლატფორმების საშუალებით, ის სხვებს მოუწოდებდა, „მანიაკური მკვლელობის კულტის“ სახელით ჩაედენიათ ძალადობრივი სიძულვილის დანაშაულები და ძალადობის სხვა აქტები. ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც დაუკავშირდა ფედერალური საგამოძიებო სამსახურის (FBI) საიდუმლო აგენტი იყო. პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში, საიდუმლო აგენტმა მას ჰკითხა, თუ როგორ შეიძლებოდა „მანიაკური მკვლელობის კულტში“ გაწევრიანებულიყო, რაზეც, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჩხიკვიშვილმა, უპასუხა, რომ ისინი ადამიანებს სთხოვენ სასტიკი ცემის, ცეცხლის გაჩენის/აფეთქების ან მკვლელობის ვიდეოების გადაღებას და რომ „მოწამვლა და ცეცხლის გაჩენა საუკეთესო ვარიანტია მკვლელობისთვის“.
პროკურატურის განცხადებით, 2023 წლის ნოემბერში მიხეილ ჩხიკვიშვილმა დაიწყო მასობრივი თავდასხმის დაგეგმა, რომელიც ახალ წელს ქალაქ ნიუ-იორკში უნდა განხორციელებულიყო. სქემა მოიცავდა სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმას და რასობრივი უმცირესობებისთვის, მათ შორის ბრუკლინის ებრაული სკოლების ბავშვებისთვის შხამიანი ტკბილეულის დარიგებას. გეგმის განხორციელების, ასევე საწამლავის დამზადების დეტალური ინსტრუქციები და სახელმძღვანელოები მან საიდუმლო აგენტს მისცა. საქმის მასალების მიხედვით, ჩხიკვიშვილის მიერ აგენტისთვის გადაცემული მასალების ნაწილი რადიკალურ ისლამისტურ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ISIS) იყო დაკავშირებული.
„ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ დაგეგმილი თავდასხმა „ბრეივიკზე უფრო დიდი ქმედება“ ყოფილიყო. ის გულისხმობდა ნორვეგიელ ნეო-ნაცისტს ანდერს ბერინგ ბრეივიკს, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. ამტკიცებდა, რომ 2022 წელს ბრუკლინში ცხოვრების დროს, სიძულვილის დანაშაულები ჩაიდინა. „მიხარია, რომ მოვკალი“ - ტრაბახობდა და ამბობდა, რომ „მეტს მოკლავდა“, მაგრამ პირველ რიგში, სხვებს აიძულებდა მკვლელობის ჩადენას“, - განაცხადეს პროკურატურაში.
საქართველოს მოქალაქისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები 50 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ე.წ. მანიაკური მკვლელობის კულტი საერთაშორისო ექსტრემისტული ჯგუფია, რომელიც, აშშ-ის პროკურატურის ცნობით, ხელს უწყობს ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ის „არასასურველად“ მიიჩნევს.