ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აშფოთებთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლითაც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის გადასარჩენად მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ.
„მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან შეშფოთებული ვართ მისი ჯანმრთელობის გამო. როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა, აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“, - განაცხადა მილერმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მინიშნებები არასწორი და არაეთიკურია.
„წარმოუდგენელია. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამ ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ ვიდეო-კადრებიდან როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს კიდევ დამატებით რაღაც მინიშნებები რომ კეთდება, უბრალოდ არასწორია, არაეთიკურია ეს ყველაფერი. კაცი არის პატიმარი, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არ არის. ასეთ დროს კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული შიმშილობით, მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, ეს უბრალოდ არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომლებიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან“, - თქვა კობახიძემ, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩებმა უილიამ კორტნიმ, იან კელიმ, რიჩარდ მაილსმა, ჯონ ტეფტმა და კენეტ იალოვიცმა 10 ივლისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, პატიმრობაში მყოფ დაუძლურებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ჰუმანიტარული მოსაზრებებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის შესაძლებლობა მისცეს. ყოფილი ელჩების განცხადებით, საქართველოს ლიდერები და ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სააკაშვილისადმი სასტიკ მოპყრობაზე, შესაძლოა დაექვემდებარონ მკაცრ სანქციებს ამერიკული კანონის, „მაგნიტსკის აქტის“ შესაბამისად, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას, ეკონომიკური და სავიზო სანქციები აამოქმედოს ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში მხილებული ნებისმიერი უცხოელის წინააღმდეგ. გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების თანამშრომლობას, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 14 თვეა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.