აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის სოლიდური ფულადი გარანტიის გადახდა მოუწევთ. აღნიშნული რეგულაცია 2026 წლის 2 აპრილიდან ამოქმედდება და პირდაპირ აისახება იმ პირებზე, რომლებიც B1 (ბიზნეს) და B2 (ტურისტული/სამედიცინო) კატეგორიის ვიზებზე გააკეთებენ განაცხადს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
ახალი წესის თანახმად, აპლიკანტებს საკონსულო გასაუბრების შემდეგ შესაძლოა დაეკისროთ $5 000, $10 000 ან $15 000-ის ოდენობის გირაოს (bond) გადახდა. თანხის ზუსტ მოცულობას საკონსულო ოფიცერი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
გირაო უკან უბრუნდება მოქალაქეს, თუ ის აშშ-ს დადგენილ ვადებში დატოვებს და სავიზო რეჟიმს არ დაარღვევს. ასევე, თანხა ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა ვიზა აიღო, თუმცა გამგზავრება გადაიფიქრა.
გირაოს გადახდა არ ნიშნავს ვიზის მიღების გარანტიას. მეტიც, თუ აპლიკანტი თანხას საკონსულო ოფიცრის მითითების გარეშე, თვითნებურად გადაიხდის, მას ეს თანხა აღარ დაუბრუნდება.
შეზღუდვა ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებიან ისინი და რომელ საელჩოში შეაქვთ განაცხადი.
საქართველოს დამატებით, „მაღალი რისკის“ ქვეყნების სია 50-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა არ შედის - არც სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და არც რუსეთი.
საქართველო მოხვდა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: კამბოჯა, ეთიოპია, ნიკარაგუა, ავღანეთი, ანგოლა, ბურუნდი, ჩადი და სხვები. რეგიონში მსგავსი შეზღუდვა მხოლოდ ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს აქვთ. ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს მიიჩნევს იმიგრაციული თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ჯგუფად.
2024 წლის ბოლოს, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის სიაში იყო დაახლოებით 833 საქართველოს მოქალაქე, რომლებიც დეპორტაციას ექვემდებარებოდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ერთი უცხოელის გაძევება ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს საშუალოდ $18 000 უჯდებათ. გირაოს სისტემით აშშ გეგმავს წელიწადში $800 მილიონამდე დაზოგოს.
2025 წლის იანვრიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკვეთრად გაამკაცრა საიმიგრაციო კონტროლი. ეს მოიცავს მასობრივ დეპორტაციებს, სოციალური ქსელების მონიტორინგსა და ე.წ. „საზოგადოებრივი ტვირთის“ პრევენციას - რათა ჩასული პირები სახელმწიფოს კმაყოფაზე არ დარჩნენ.
2024 წლის ბოლოს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ და აქციების ძალისმიერი დარბევა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ურთიერთობების გადატვირთვას ცდილობენ, თუმცა ვაშინგტონი ჯერჯერობით მხოლოდ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს.
