ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი უძღვება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა ამაღლობელს წინასწარ პატიმრობაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის კოლეგები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. სხდომას ესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრიც.
„მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი. დღეს ადვოკატები კიდევ ერთხელ დააყენებენ შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. სასამართლომ და ამ ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან. მოსამართლე მეტრეველისთვის ეს იქნება ტესტი და მე დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილების მიღების დროს, ის იფიქრებს იმ მოსამართლეებზე, საქმის იმ ფიგურანტებზე, რომლებიც უკვე სანქცირებულები არიან“, - განაცხადა „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა, ნესტან ცეცხლაძემ.
ვიქტორ მეტრეველი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ დაახლოებით ორი თვის წინ, გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე მას მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში 2023 წლის სექტემბერში აქვს ჩაბარებული.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვიქტორ მეტრეველი 2014-2022 წლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე იყო, ხოლო 2023 წელს - მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის მწერალი თანაშემწე გახდა. ამის შემდეგ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნამდე, ერთი წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა.
გუშინ, 3 მარტს, ლიეტუვამ და ესტონეთმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტ მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან ისინი, ვინც „ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონოდ დაპატიმრებას“.
ესტონეთის საგარეო უწყებამ სანქცირებული პირებს შორის დაასახელა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები - ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი,
საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია და მისი მოადგილე დავით ათაბეგაშვილი, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მალხაზ ოქროპირაშვილი, რომელთა გადაწყვეტილებითაც მზია ამაღლობელი თითქმის ორი თვეა პატიმრობაში იმყოფება.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელის დაკავება ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის სტიკერის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან სახეში სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უკანონოდ დაპატიმრების შემდეგ ის 38 დღე, პროტესტის ნიშნად, შიმშილობდა.
