აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თავს დაესხნენ. მამაკაცმა კირთაძეს კვერცხები ესროლა და ხელი დაარტყა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„რაფერ რა მინდა, გადი იქეთ. მერე რა, რომ პირდაპირ ეთერში ვარ. შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ? მოღალატე ხარ ქვეყნის. ხელი გამიშვი. ვინ გამომიშვა კი არა... ვინმეს არ გამოვუშვივარ, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე ვარ. რა სახელი ბიჭო,“ - პასუხობდა თავდამსხმელი კირთაძეს, რომელიც მისი ვინაობის გარკვევას ცდილობდა.
დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე წუთი გაგრძელდა, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ოფისთან მოხდა. „ფორმულას“ კორესპონდენტის, თამარ თედიაშვილის თქმით, „ინციდენტის დროს „ალტ-ინფოს“ ოფისიდან გამოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც თავდამსხმელს მხარი დაუჭირეს და შეურაცხყოფაში ისინიც მონაწილეობდნენ“.
კირთაძეს მიაჩნია, რომ მომხდარის უკან ხელისუფლება, კერძოდ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას:
„ცალსახად ჩანდა, რომ ეს იყო ორგანიზებული. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ადამიანი ქუჩაში კვერცხებჩაწყობილი დადის. არაფერს ვერჩი იმ ახალგაზრდა ბიჭებს, ვინც იქ პოლიციიდან მოვიდნენ, მაგრამ რა უნდა გამოიძიონ?! მათი უფროსების მიერ გაცემულ დავალებას ასრულებდა ეს კაცი, რომელიც ცხოვრებაში ალბათ არასდროს შემხვედრია. ამის უკან დგას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილის აღმსრულებელია მხოლოდ და არანაირად არ უკავშირდება მართლა ამ ქვეყნის უსაფრთხოებას. მათი ძირითადი საქმიანობა არის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმების, შანტაჟის თუ სხვადასხვა ტიპის აქტივობის განხორციელება. პოლიციაში გამოკითხვაზე მივალ და მოვყვები ყველაფერს, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან და პირდაპირ ეთერში ნახეს, მაგრამ ნდობა იმისა, რომ ამას რაღაც მოჰყვება, რა თქმა უნდა, არ მაქვს“.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ოფისში თქვეს, რომ მამაკაცი, რომელმაც გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, პარტიის მხარდამჭერია და არა წევრი.
„გაიგო შეურაცხმყოფელი ფრაზები, პუტინისტები, მოღალატეები და ეს ემოციურად ვერ აიტანა. შემდეგ მოხდა გაწევ-გამოწევა. ჯერ ერთხელ ჩაიარა და ეს რომ კარგად გაიგონა, მერე მოიმარაგა კვერცხები, მივიდა და ინციდენტი მოხდა“, - განაცხადა გოგი ქადიძემ, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. მისივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს პარტიის ორი წევრი, რომლებიც, მისივე თქმით, გამშველებლის როლში იყვნენ.
„ეს არის სახელმწიფოს მართვის რუსული მეთოდი. როდესაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი გაქვს, გარდა ასეთი აგრესიული ქცევისა“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ბათუმში მომხდარ ინციდენტს.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.