ბელარუსის სასამართლომ დახურული, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული დამოუკიდებელი ონლაინგამოცემის TUT.by-ის მთავარ რედაქტორს, მარინა ზოლოტოვას და გენერალურ დირექტორს, ლუდმილა ჩეკინას 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზოლოტოვა დამნაშავედ იქნა ცნობილი მედიისა და ინტერნეტის საშუალებით ისეთი მასალების გავრცელებაში, რომელიც შეიცავს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და ქვეყნის კონსტიტუციური წყობის იძულებით შეცვლისკენ მოწოდებებს, ასევე, უცხო სახელმწიფოების, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას, ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებების თაობაზე, ხოლო ჩეკინა დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულის ორგანიზებაში.
მინსკის საქალაქო სასამართლომ ზოლოტოვა ასევე დამნაშავედ ცნო ისეთ განზრახ ქმედებებში, რომელთა მიზანია სოციალური მტრობისა და დაპირისპირების გაღვივება სოციალური კუთვნილების საფუძველზე, ხოლო ჩეკინა - ასეთი ქმედებების ორგანიზებაში. გარდა ამისა, ჩეკინა დამნაშავედ იქნა ცნობილი გადასახადებისთვის თავის არიდებაში.
BBC-ის ინფორმაციით, TUT.by დაწვრილებით აშუქებდა 2020 წლის საპროტესტო გამოსვლებს, რა დროსაც მისი 38 ჟურნალისტი დააკავეს. დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2021 წლის გაზაფხულზე აღიძრა. ბელარუსის ხელისუფლებამ გამოცემის ვებ-გვერდი დაბლოკა და ექსტრემისტულად გამოაცხადა. მოგვიანებით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შესახებ, რომელზეც TUT.by-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების 16 თანამშრომელი დააკავეს. ზოლოტოვას და ჩეკინას გარდა, მოგვიანებით ყველა გაათავისუფლეს. გამოცემის ერთ-ერთი ჟურნალისტის, იურისტის და ეკონომიკისა და პოლიტიკის განყოფილების რედაქტორის მიმართ ძებნაა გამოცხადებული. სამივე მათგანმა ბელარუსის საზღვრების დატოვება შეძლო.
მარინა ზოლოტოვა და ლუდმილა ჩეკინა უკვე ორი წელია პატიმრობაში არიან. უფლებადამცველებმა ისინი პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს, მაშინ, როდესაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა „ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირების“ სიაში შეიყვანა.
განაჩენის გამოცხადებამდე, ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხზე პროპაგანდისტული ფილმი „Bye bye, TUT.bay” („მშვიდობით, TUT.bay) გავიდა, რომლის მიხედვითაც, TUT.bay ჯერ კიდევ 2010 წლიდან მუშაობდა ხელისუფლების წინააღმდეგ, 2013-2014 წლებში მხარს უჭერდა კიევის „მაიდანს“, ხოლო 2020 წელს მისმა ხელმძღვანელობამ ფსონი ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაზე დადო. პროპაგანდისტული ფილმის ავტორის აზრით, TUT.bay-ის მკითხველები რედაქციის მანიპულაციის მსხვერპლი და „უკანონო“ საპროტესტო აქციების მონაწილეები გახდნენ.
TUT.by ბელარუსში უმსხვილესი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იყო.
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) 17 მარტის განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავისუფალი პრესა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ყველაზე დიდი მტერია, ხოლო მარია ზოლოტოვა და ლუდმილა ჩეკინა თავისუფალი პრესის სომბოლები არიან.
„მათ არაფერი დაუშავებიათ. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს ზეწოლა ბელარუსზე, რუსეთის მორჩილ მოკავშირეზე, მათი და ყველა სხვა დაკავებული ჟურნალისტის გასათავისუფლებლად“, - ამბობს ჟან კაველიერი, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი.