ბლინკენის თქმით, აშშ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ამზადებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და გმობს „სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას“, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიმართავს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს „სამართალდამცავი ორგანოების“ მიერ ადამიანებისათვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობები.

„მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო დაკავებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ამისთვის.

შეერთებული შტატები სოლიდარულია ქართველ ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ. ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, ვინც საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, პასუხს აგებენ. ორმხრივი თანამშრომლობის ადრე გამოცხადებული ყოვლისმომცველი მიმოხილვის გაგრძელების გარდა,

შეერთებული შტატები ახლა ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ 32 წელზე მეტია, შეერთებული შტატები საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია, ის არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და მისი „ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა“.

30 ნოემბერს, აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განაცხადა და განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები დაარღვია.

უკვე ერთი კვირაა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს სასტიკად არბევენ.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.