პრორუსული, ძალადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მხარდამჭერმა ბლოგერმა, ბექა ვარდოსანიძემ 11 საათის შემდეგ დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა, სადაც ის ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე იკითხებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ვარდოსანიძე მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნას უარყოფს. მისი თქმით, შეტყობინების ტექსტი უცხო ენიდან Google Translate-ით არის თარგმნილი.
„კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება, იდეოლოგიურად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და შეიძლება იყოს ბევრი ადამიანი, ვისაც პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე რაღაც პრივილეგიები დაკარგა ამით - გრანტები და ასე შემდეგ; შეიძლება გამწარებულია. გიჟი უნდა ვიყო, რომ ჩემი სამუშაო ფოსტიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან და წლებია კომპანიებთან ურთიერობა ხდება ამ ფოსტით, გავაგზავნო ასეთი შეტყობინებები და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე. ცოტა არ იყოს სასაცილოა, მაგრამ მე არაფერი არ მაქვს დასამალი - გავხსენი, ვანახე გამომძიებელს მიმოწერები. მე ვნახე სქრინები და სქრინებიდან გამომდინარე გავხსენი [ელ.ფოსტა], აღმოჩნდებოდა თუ არა ის გაგზავნილი წერილები. ტექსტები დაწერილია „გუგლ თრანსლეითით“ და ისეთი სიტყვებით, რომლებსაც მე არასოდეს ვიყენებ. უბრალოდ ინტერნეტმა გვაწამა, რადგან ცუდი სიხშირე იყო და ამის გამო გაგვეწელა დრო“, - განაცხადა ბექა ვარდოსანიძემ.
ვარდოსანიძე, რომელსაც Facebook-ში 83 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში ტექნიკა სრულად ჩამოართვეს და მაუწყებლობას ჯერ ვერ გააგრძელებს.
სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა 31 იანვარს, დილით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, თბილისში, ბექა ვარდოსანიძის ბინა და ავტოფარეხი გაჩხრიკა. სუს-ის განცხადებით, დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, ბექა ვარდოსანიძის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. საქმის მასალების მიხედვით, ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება გაგზავნილი იყო სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე.
„ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარი“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები“, - განაცხადეს სუს-ში.
ტელეკომპანია „იმედმა“ გაასაჯაროვა შეტყობინება, რომელიც, მათი განცხადებით, ბექა ვარდოსანიძის სახელით რამდენიმე კვირის წინ მიიღეს: „მე ბექა ვარდოსანიძემ უკვე დავნაღმე თავისუფლების მოედანი, როგორც თქვენი სატელევიზიო მანქანები, ევროკავშირი და *** თქვენ ტროტილის გარდა ამაღამ ხალხს არაფერი შეხვდება პანკისელი ბოევიკებისგან, პოლიცია აიგნორებს ჩვენს მოთხოვნილებებს რადგან ხუმრობა ჰგონია, დაე აღსდგეს სამართალი და დაეცეს პრო დასავლურია მედია ******! “. ტელეკომპანიის განცხადებით, ამ შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამის ორგანოებს დაუკავშირდნენ და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა.
