საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა არალეგიტიმურ პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინაშე სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო, კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, განაგრძობს „ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გამორჩეული პრიორიტეტი იქნება ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობები. დღეს საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს უდიდესი მიღწევა ეფუძნება ჩვენი ქვეყნის მიერ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწულ პროგრესს, ჩვენს თავდაუზოგავ ბრძოლას პარტნიორების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ურყევ ნებას.
ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. თუკი 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმატებით განხორციელდეს და დასრულდეს, საჭიროა პარტნიორებთან დიალოგი:
„დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმებით საუბარი. პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომების ძიება. იმედი მაქვს, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება, ინტენსიურად ვიმუშაოთ ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად გადავდგათ წინ ნაბიჯები ევროკავშირის წევრობისკენ.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას“, - თქვა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება,
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია და ჩვენს ყველა მოქალაქეს აქვს ამ მიღწევით სარგებლობით შესაძლებლობა, ხდება პოლიტიკური სპეკულაციოების საგანი და ძალიან ხშირად არის მცდელობა, რომ ევროკავშირი რამენაირად აიძულონ, რომ სწორედ ეს გამოიყენოს საქართველოსთან ურთიერთობებში პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ოპოზიციაში არიან დამიანები, რომელთაც უღირთ საქართველოს მოქალაქეების დასჯა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირი ძალიან კარგად აფასებს და მსგავსი რამ არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან შეიძლება გაჟღერდა, ჟღერდება, გაჟღერდება მსგავსი სპეკულაციები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან სერიოზულ შედეგებზე და რეფორმებზე დაფუძნებული მიღწევა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისთვის „პრიორიტეტულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა.
„ჩვენი ამოცანაა მიღწეული იქნეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოაზერებს მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, ყველა მიმართულებით თანამშროლობის სრული მოცულობით განახლებას და განვითარებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც ის ამბობს, საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობასაც. შესაბამისად, გაგრძელდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გასაღრმავებლად და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.
საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის კომიტეტებმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
„ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირაში აპირებს, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადოს.
25 ნოემბერის ერთპარტიულ სხდომაზე, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, აირჩია არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და კომიტეტების თავმჯდომარეები. კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტს უფლება არ ჰქონდა, ეცნო იმ პირთა უფლებამოსილება, რომელთა არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მათივე განმარტებით, პარლამენტის გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნევა.