„ქართული ოცნების“ დეპუტატები - მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების თანამდებობებს დაიკავებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.
მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი არ აღიარებენ.
მე-10 მოწვევის პარლამენტში მაკა ბოჭორიშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და დავით სონღულაშვილმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებას დაუჭირეს მხარი. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამივე მათგანი „ქართული ოცნების“ სიაში იყო.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში. 2020 წლიდან ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე.
მისმა საქმიანობამ ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სწორედ ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა კონკრეტული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით - ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის საქმიანობასაც.
პროფესიით ქალბატინი მაკა არის იურისტი, მას ასევე დამთავრებული აქვს დიპლომატიური აკადემია, აქვს შესაბამისი განათლება, შესაბამისი გამოცდილება, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მისი კანდიდატურა დღეს წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ბატონი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ანრი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი, იურისტი საქართველოში. მას მიღებული აქვს ძალიან ღრმა განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ მას აქვს დამთავრებული მაგისტრატურა იენის უნივერსიტეტში, გერმანიაში, მას, ასევე, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. ის 2017 წლიდან გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, წლების განმავლობაში იკავებს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ყველა მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში. ბატონი ანრი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი დავით სონღულაშვილის კანდიდატურა. მას აქვს ძალიან ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით. მას აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლა დამთავრებული და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა, ის არის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი უკვე მრავალი წელია, სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დარგობრივი ეკომომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. მანამდე ის ძალიან წარმატებულ საქმიანობას აწარმოებდა კერძო სექტორში. ბატონი დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყოფილი მინისტრები - ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ.