ბულგარეთში, ბურგასის ერთ-ერთ პორტში ბათუმიდან გემით შესულ ტრაილერში დაახლოებით 38 მილიონი დოლარის ღირებულების 436 კილოგრამი ჰეროინი აღმოჩინეს. 434 ცალ პოლიეთილენის შეფუთვაში განაწილებული ნარკოტიკული ნივთიერება ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთის შიგნით იყო დამალული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ბულგარეთის პროკურატურის ინფორმაციით, ტრაილერი ივლისის ბოლოს, სახმელეთო გზით, ყირგიზეთიდან საქართველოში შევიდა, რის შემდეგაც ბათუმის პორტიდან ბულგარეთში გადაიტანეს. ბულგარეთიდან ის საბერძნეთში, ალექსანდროპოლისში უნდა ჩასულიყო.
„საუბარია ჰეროინის კონტრაბანდაზე ეგრეთ წოდებული კავკასიური მარშრუტით“, - განაცხადა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა, სტეფან ბაკალოვმა.
ნარკოტიკული საშუალება მას შემდეგ იპოვეს, რაც მებაჟეებმა ტრაილერი პორტში უჩვეულოდ დიდხანს დგომის შემდეგ შეამოწმეს. დოკუმენტების მიხედვით, მას ოთხი კაბელის გამყვანი მანქანა გადაჰქონდა, თუმცა რენტგენით შემოწმების შედეგად მანქანებში აღმოაჩინეს ღრუები, რომლებშიც ნარკოტიკები იყო მოთავსებული.
საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას არავინ დაუკავებია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნარკოტიკებით ვაჭრობა ბულგარეთში 15-დან 20 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ბულგარეთის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სამართალდაცავი უწყებები არ გამოხმაურებიან.
