„მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე. უბრალოდ, ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოულ სიტყვაზე. არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია. უბრალოდ, იცოდეთ, ჩემი შვილი, როცა ომი დაიწყო, თბილ მიუნხენში იყო. დილის 9-ზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. ვთხოვე, დამლოდებოდა ვარშავაში, არ დამელოდა და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა. იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი. მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა რაზეც ვფიქრობ, პირუთვნელად იარა“, - ასე გამოეხმაურა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის 27 წლის ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, დღეს, მთავრობის სხდომის წინ გაკეთებულ განცხადებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ჯაბა ხოფერია კიევში 1-ელ დეკემბერს გარდაიცვალა. 3 დეკემბერს, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ერთდროულად 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა. ცხედრების გამოტანა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ის პოზიციები, სადაც ისინი იბრძოდნენ, რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული.
ირაკლი ღარიბაშვილი 5 მებრძოლის დაღუპვას დღეს გამოეხმაურა, მომხდარიდან მესამე დღეს ოჯახებს მიუსამძიმრა, დაღუპულებს „საწყალი ბიჭები“ უწოდა და თქვა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში „ომის პარტიას“ მიჰყავს: „ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა ჩვენი მთავრობის მიერ თავიდან აცილებული. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს.
ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ. მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და ყოველგვარი პიარის გარეშე“.
ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, „პრემიერად წოდებულმა“ თავისი განცხადებით გმირებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხოვრებაში! დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ ვინ არის მტერი და იცოდნენ როგორ მოიპოვება თავისუფლებაა! საქართველოში დღეს არის „მშვიდობა“ არა იმიტომ, რომ რუსული ოცნების მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ რომ უკრაინელი და ქართველი გმირები, რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ. პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს.
ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა!“, - ამბობს მელია.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვიდრე საზოგადოებრივი წნეხი არ იგრძნეს, უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის ფაქტს არ გამოეხმაურნენ.
„ისეთი შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ, რომ სამძიმრის თქმის ინსტიქტი თავად არ ჰქონიათ, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, აკრძალული ჰქონდა მთელ გუნდს, რომ ამ საკითხზე საჯარო თანაგრძნობის პოზიცია ჰქონოდათ. სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამის გაკეთება და მერე, როგორ ჩანს, ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებიან, თუმცა მაშინაც კი ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, თითქოს ან ადრე, ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო, ან შეიძლება იყოს, რუსეთი თუ თავს დაგვესხმება, ან როცა ის თავს დაგვესხა“, - აღნიშნავს ბოკერია.
ის გულისხმობს ყოფილი ფეხბურთელის შოთა არველაძის მიერ 4 დეკემბერს გავრცელებულ პოსტს:
„თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას.
როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი. დიდება გმირებს!“, - დაწერა შოთა არველაძემ.