საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირეით აშშ-ის ელჩის კომენტარს „აბსურდს“ უწოდებს და ამერიკელ დიპლომატს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მტკიცება, რომ China Communications Construction Company-ის მაჟორიტარი მესაკუთრე ჩინეთის კომუნისტური პარტიაა“, „ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დღეს რუსეთის ჯარის პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდი და ფაქტებთან სერიოზულად შეუსაბამო. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას“, - ნათქვამია საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რობინ დანიგანის განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2023 წლის ნოემბერში შეთანხმებულ „სან-ფრანცისკოს ხედვას“

„ჩინური მხარე სინანულს გამოთქვამს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა“, - ვკითხულობთ ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ანაკლიის პორტის პროექტზში ჩინური კომპანიის ჩართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ China Communications Construction Company-ის (CCCC) უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ჩინეთის არმიასთან არის დაკავშირებული. „ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს“, - თქვა აშშ-ის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის ელჩის კომენტარი „ორმაგ სტანდარტად“ შეაფასა. „ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

29 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ პროექტში კერძო ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება, რომელშიც  China Communications Construction Company Limited (CCCC) შედის. ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით უნდა აშენდეს - სახელმწიფოს 51%-იანი წილი ექნება, ხოლო კერძო ინვესტორს - 49%.

ჩინური სახელმწიფო კომპანია CCCC აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ვებგვერდზე, სადაც სანქციების სიებია, CCCC ჩინური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების სიაშია (NS-CMIC list). ამ სიაში შედიან სუბიექტები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დავალებით სამხედრო და სათვალთვალო ტექნოლოგიებში არიან ჩართული. სანქციების სიის შედგენა ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიწყო, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი გააგრძელა და გააფართოვა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წლის 3 ივნისის აღმასრულებელი ბრძანება ზღუდავს ინვესტიციებს ჩინურ კომპანიებში, მათ შორის CCCC-ში და ეფუძნება განცხადებას, რომ ეს კომპანიები საფრთხეს უქმნიან შეერთებულ შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან კავშირის გამო. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCC თაღლითობის გამო დაასანქცირა და რვა წლით აუკრძალა მის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).