დანიგანი ანაკლიაზე: რატომ უნდა გააღრმაო კავშირი პარტიასთან, რომელიც ოკუპანტს აფინანსებს?

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ანაკლიის პორტის პროექტზე ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ჩინეთის არმიასთან არის დაკავშირებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა.

რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ კითხვები არსებობს ჩინური კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებაც. მისი თქმით, CCCC-ს გლობალურად კარგი რეპუტაცია არ აქვს.

„2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99 წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კოპანიისთვის გადაცემის გამო, მთავრობა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტკა. როგორც მან თქვა, „ანაკლიაში, ამ დოზით ჩინელების შემოყვანა ჩვენს ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებისათვის დანის ჩარტმაა“.

29 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ პროექტში კერძო ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება. საუბარია კომპანიებზე China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) და China Harbor Investment (სინგაპური), რომლებსაც ორი ქვეკონტრაქტორი - China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International ჰყავთ.

ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული. აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ვებგვერდზე, სადაც სანქციების სიებია, CCCC ჩინური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების სიაშია (NS-CMIC list). ამ სიაში შედიან სუბიექტები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დავალებით სამხედრო და სათვალთვალო ტექნოლოგიებში არიან ჩართული. სანქციების სიის შედგენა ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიწყო, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი გააგრძელა და გააფართოვა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წლის 3 ივნისის აღმასრულებელი ბრძანება ზღუდავს ინვესტიციებს ჩინურ კომპანიებში, მათ შორის CCCC-ში და ეფუძნება განცხადებას, რომ ეს კომპანიები საფრთხეს უქმნიან შეერთებულ შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან კავშირის გამო.

2020 წელს სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ CCCC ხელს უწყობს ჩინეთის სამხედრო ექსპანსიას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში - ფართომასშტაბიანი გათხრების, ხელოვნური კუძულების აშენებითა და მილიტარიზაციის გზით. გარდა ამისა, აშშ-ის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ CCCC მართავს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ჰპირდება ახალ ინფრასტრუქტურას, თუმცა ამის ნაცვლად მათ აწვდის უხარისხო მშენებლობას, არღვევს შრომით უფლებებს, იწვევს „არამდგრად ვალს“ და გარემოს ზიანს აყენებს. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა, თაღლითობის გამო, CCCC დაასანქცირა და რვა წლით აუკრძალა მის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარყოფს, რომ ჩინური კომპანია სანქცირებულია. სამინისტროში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია ე.წ Entity List-ში შეიყვანა, რაც „გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას“.

შეკითხვაზე, რატომ არ დაინტერესდნენ ანაკლიის პორტის პროექტით სხვა კომპანიებიც, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ამაზე პასუხი არ აქვს“. „რომ ყოფილიყო ინტერესი კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, მათ არ გაუჭირდებოდათ ინვესტორის ჩართვა ამ პროექტის განხორციელებაში. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით უნდა აშენდეს - სახელმწიფოს 51%-იანი წილი ექნება, ხოლო კერძო ინვესტორს - 49%.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).