„ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ ერთად შეიძლება ითქვას, დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები. ის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი - ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ქვეყანა. გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ღარიბაშვილის თქმით, 14 დეკემბერი და დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების, ზეიმის დღე.
„დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა! ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება.
ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება.
მინდა, გითხრათ, რომ ეს გზა რა თქმა უნდა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად, კიდევ ვიმეორებ, მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ „სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას“.
„ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით, ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მასზე დასასწრებად რეგიონებიდან დედაქალაქში საჯარო მოსამსახურეები დილიდან ჩაიყვანეს. „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირების მიუხედავად, ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მივიდა.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა 9 პირობით. ევროპულ გზაზე საქართველოს პროგრესი მომავალ წელს შეფასდება. საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, რომელთა მიმართებაშიც ევროპულმა საბჭომ უკვე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.