ჩვენს ქვეყანაში არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება - ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე მისი გამოსვლის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და გაიმეორა, რომ ქვეყანაში უმცირესობის უმრავლესობაზე ძალადობას არ დაუშვებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მე არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მე ვთქვი მთავარი, ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით. უფრო მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ჩვენს ქვეყანაში.

მაგრამ მე ვთქვი მთავარი - ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ესაა 90% დაახლოებით, იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეს არის ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. მე ამაზე მაქვს საუბარი.

თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, თუ რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს ასეთი „პროპაგანდა“, პრემიერმა კონკრეტული მაგალითი არ დაასახელა: „თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპის სოციალისტების პარტიის (PES) გადაწყვეტილებაზე, „ქართულ ოცნებასთან“ პარტნიორობას გადახედოს. ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ და გააკეთებენ დასკვნებს - „შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში“.

„ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია. ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 4 მაისს, ბუდაპეშტში, ამერიკული ორგანიზაცია „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიციის“ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა. მასთან ერთად კონფერენციაზე სიტვით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ევროკავშირში პრო-რუსული პოზიციისა და ჰომოფობიური პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.

ჯერ კიდევ ღარიბაშვილის კონფერენციაზე გამგზავრებამდე, PES-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ივნისში „ქართული ოცნების“ სტატუსის გადახედვას აპირებენ. ეს საკითხი PES-ის პრეზიდენტმა, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა მარტში წამოჭრა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას დაუჭირა მხარი.

4 მაისს, კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების შემდეგ, PES-ის ვიცე-რეზიდენტმა, კატი პირიმ თქვა: „პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ქმედებები მიუღებელია და მას ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აყენებს. PES-მა უკვე გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ სტატუსის შეფასება პრეზიდენტების მომდევნო შეხვედრაზე. ეს აშკარად აუცილებელი ნაბიჯია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ქმედების შემდეგ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).