არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე - ღარიბაშვილის ჰომოფობიური გამოსვლა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უნგრეთში, 4-5 მაისს მიმდინარე ამ ღონისძიებაზე, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, რა დროსაც მან ტრადიციულ ღირებულებებზე, ოჯახურ და კონსერვატიულ ფასეულობებზე გაამახვილა ყურადღება. ღარიბაშვილის განცხადებები ჰომოფობიურ გზავნილებს შეიცავდა.

„ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის“, - თქვა ღარიბაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ციტირება მოახდინა. „ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას მონობის სახელით, არამედ ცრუ თავისუფლების; არავინ უპირისპირდება სიმართლეს სიცრუის სახელით, არამედ ყალბი სიმართლის სახელით.

როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა, ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა, უფესვებო ადამიანის მართვა ადვილია. ამიტომაც, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი მთავრობა პატივს სცემს თითოეული მოქალაქის უფლებებს, რის მაგალითადაც 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება დაასახელა.

„მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა - დედა ქალია, მამა კი - კაცი. ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებებს იზიარებს. ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს, ჩვენი შვილები აღვზარდოთ. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებებზე აღიზარდონ, ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც შეაქო და თქვა, რომ „უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს“. ორბანი, რომელიც 2010 წლიდან უნგრეთის პრემიერ-მინისტრია, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას, სამაგალითო პოლიტიკოსი და მებრძოლი ქრისტიანია.

უნგრეთი წელს ზედიზედ უკვე მეორედ მასპინძლობს მემარჯვენე და ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსების საერთაშორისო კონფერენციას. როგორც ორბანმა თავისი გამოსვლის დროს განაცხადა, უნგრეთი კონსერვატიული პოლიტიკის ინკუბატორი გახდა. „ჩვენ შევაჩერეთ მიგრაცია ჩვენს საზღვრებთან, დავასრულეთ სკოლებში გენდერული პროპაგანდის ხელშეწყობა და დაუღალავად ვმუშაობთ მშვიდობისთვის. ეს არის წამალი პროგრესულ-ლიბერალური ვირუსის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან.

ღარიბაშვილი კონფერენციაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკეს ევროპარლამენტარებმა, ხოლო ევროპის სოციალისტების პარტიამ „ქართულ ოცნებასთან“ 2015 წელს დამყარებული პარტნიორობის გადახედვა გადაწყვიტა.

ირაკლი ღარიბაშვილი „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიციის“ (CPAC) კონფერენციაზე გამოვიდა იმ დროს, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მოლოდინშია.

მოწყვლადი ჯგუფების უფლების დაცვის გაძლიერება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ იმ 12 პირობას შორისაა, რომელიც საქართველომ სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული პირობა შეუსრულებელი რჩება - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღების მცდელობის ჩავარდნის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან დაიწყო LGBTQI+ ჯგუფების საწინააღმდეგო რიტორიკა, ამ დრომდე დაუსჯელები არიან 2021 წლის 5 ივლისს ძალადობის ორგანიზატორები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).