საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში, ბუდაპეშტში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სპიკერად არის მიწვეული. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორები ამერიკული ორგანიზაცია „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიცია“ (CPAC) და უნგრეთში ბაზირებული კვლევითი ინსტიტუტი - „ფუნდამეტური უფლებების ცენტრი“ (Alapjogokért Központ) არიან, უნგრეთი წელს ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. წლევანდელი კონფერენციის სლოგანია „ერთად ძლიერები ვართ“. ორგანიზატორების განცხადებით, ის „კონცენტრირებული იქნება ლიბერალების ღამის კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო დაახლოებაზე“.
უნგრული ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესახებ წერს: „მისი აზრით, საქართველო კონსერვატიული საზოგადოებაა ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებებით. გენდერული პროპაგანდა საქართველოსაც არ ინდობს, მაგრამ ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას, ქართველების დიდი უმრავლესობა კი ეწინააღმდეგება პროპაგანდისტულ, დემონსტრაციულ ლგბტქ მოძრაობას“.
გამოცემა Associated Press-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ 4-5 მაისს დაგეგმილი კონფერეცია, ისევე როგორც შარშან გამართული პირველი ღონისძიება, ასახავს ევროპაში ფართოდ იზოლირებულ ორბანის ავტოკრატიულ მთავრობასა და ამერიკის მემარჯვენე ფრთას შორის კავშირების გაღრმავებას. Associated Press წერს, რომ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირში უარყოფითი რეაქციები გამოწვია უნგრეთის მედიასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარების გამო, რასაც ის „არალიბერალურ დემოკრატიას“ უწოდებს. „ამის მიუხედავად, ორბანმა დაიმსახურა ამერიკელი მემარჯვენეების გარკვეული ნაწილის აღფრთოვანება იმიგრაციისა და ლგბტქ საკითხებზე მისი მკაცრი პოზიციისა და ლიბერალური პლურალიზმის უარყოფის გამო. გასულ წელს, CPAC-ის კონფერენციის გახსნაზე, ორბანმა უნგრეთს „ევროპაში კონსერვატიული ქრისტიანული ღირებულებების ბასტიონი უწოდა“ და ამერიკელ კონსერვატორებს მოუწოდა, დაამარცხონ „პროგრესული ლიბერალების დომინირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ ისევე როგორც, მისი თქმით, მან ეს უნგრეთში გააკეთა“, - წერს Associated Press.
ვიქტორ ორბანს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2010 წლიდან უკავია. პირველად ის მთავრობის მეთაური 1998-2002 წლებში იყო.
2022 წლის შემოდგომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში ვიზიტის დროს თქვა, რომ ორბანის მთავრობამ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა და საქართველომ მათგან ბევრი გაიზიარა. „გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულები“, - უთხრა ღარიბაშვილმა ორბანს.
