ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ ოქტომბრის დასაწყისშია გადაღებული. ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ ეცემა სააკაშვილი საწოლთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ვიდეომასალა ექსკლუზიურად CNN-ს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა. მასიმო დიანჯელომ პირდაპირ ეთერში პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი გათავისუფლების გზების თაობაზეც ისაუბრა. ადვოკატის თქმით, CNN-ზე მისი ბოლო გამოსვლიდან შვიდ კვირაში სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა - საგრძნობლად დაიკლო წონაში და ეს პროცესი გრძელდება.
„სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. უნდა გაიაროს დეტოქსიფიკაციის პროცესი. ასეთ შემთხვევაშიც კი, ჩვენმა ნევროლოგმა არ იცის, ტვინის არსებული დაზიანება ოდესმე გამოსწორდება თუ არა.
სააკაშვილი ერის დემოკრატიის მამაა, მან მოიტანა დემოკრატია, მოახდინა ძალაუფლების არაძალადობრივი გადაცემა პირველად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, როდესაც ძალაუფლება გადასცა დღევანდელ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“. მისი შემქმნელი და ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილია, ოლიგარქი და პუტინის აშკარა მარიონეტი. ამასთან გვაქვს საქმე და ამიტომ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხარდაჭერა, რომ შეაჩეროს დახმარება.
აშშ საქართველოს დახმარების სახით ათობით მილიონ დოლარს აძლევს დემოკრატიული პროგრამების, სასამართლო სისტემის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიის უკუსვლაა და საჭიროა, ჩვენ, აშშ-მა დემოკრატია დავიცვათ. ცხადია, შეერთებული შტატები და ელჩი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რეალური ძალისხმევა - დახმარების შეჩერება, სანქციების დაწესება და სავიზო შეზღუდვები. ეს არის ის გზები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, რათა დავაჩქაროთ მისი გათავისუფლება“, - განაცხადა დიანჯელომ.
6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე. მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნას 2022 წლის 9 დეკემბრიდან განიხილავდა.
სააკაშვილის გათავისუფლების და სასჯელის გადავადების მოთხოვნას საფუძვლად ედო ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.