შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სამთავრობო მედიამ გაავრცელა. ტელეკომპანია „იმედის“ თანახმად, ელისაშვილი დაკავებულია „საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევზე თავდასხმისთვის.
ორი დღის წინ ბაბაევმა განაცხადა, რომ ელისაშვილმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიასთან მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. ალი ბაბაევი „იმედის“ ეთერში ჰყვებოდა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა მას „არაკაცი“, „ქართული ოცნების“ და რუსეთის „მონა“ უწოდა.
„რამდენიჯერმე ხელით შემეხო, ბოლოს წავიქეცი, გონება დაკარგული მქონდა, გამოვიძახე სასწრაფო და ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში, მიკეთებენ კვლევას. ალეკო ელისაშვილს ვიცნობ დიდი ხანია. ჩვენ არ გვქონია კონფლიქტი. მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ სოციალურ ქსელში დავწერე, რომ რაც მან გააკეთა კომიტეტის სხდომაზე ბატონ მამუკა მდინარაძეს უცბად რომ დაარტყა, ეს იყო არაკაცური საქციელი. ვითხოვ, სასწრაფოდ დაისაჯოს“, - ამბობდა ბაბევი „იმედის“ ეთერში ჩართვის დროს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ელისაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
