„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც ორი დღის წინ „სპეკულაცია“ და „წარმოუდგენელი ტყუილი“ უწოდა ღვარცოფს გადარჩენილი დავით ჯელაძის მონათხრობს იმის შესახებ, რომ მან შოვში, სტიქიის ზონაში, 6 წლის დისშვილთან ერთად ღვარცოფის მეორე მხარეს გადასვლა შეძლო, თავის ამ განცხადებას ნანობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
კობახიძემ დღეს, რაჭაში ყოფნის დროს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დავით ჯელაძესთან ჯერ სატელეფონო საუბარი ჰქონდა, შემდეგ კი შეხვდა და „ყველაფერი განმარტა“.
„ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, პირველ რიგში, ადამიანური: დათო არის გულიანი ვაჟკაცი რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც გადახდა და ნუ, წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს გამოვლილი მას ამისთვის თავის პატარა დისშვილთან ერთად. უბრალოდ, თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული.
მინდა განვმარტო რაზე იყო საუბარი - იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული, ზუსტად რა იყო ასახული ამ ფოტოზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს თვითონ ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ მე, რა თქმა უნდა, გავერკვიე ყველაფერში - რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მან დეტალურად მოჰყვა, პირადად მე მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადახდა.
მე, პირველ რიგში, სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. ეს არის დასანანი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი.
მთავარია არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რაც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად“, - განაცხადა კობახიძემ.
14 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვინც 3 აგვისტოს ღვარცოფის მასაში მოჰყვა, გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, იყო „სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“. ჟურნალისტებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ანახეს დავით ჯელაძის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული ფოტო წარწერით - „მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს“. ფოტოზე ჯელაძეს მონიშნული აქვს ის მანძილი, რომელიც უსაფრთხო ადგილის ძიებაში დისშვილთან ერთად გაიარა. კობახიძემ თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელი იყო: „რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი“.
კობახიძის ეს განცხადება ექსპერტებმა იმ ადამიანებზე ზეწოლად შეაფასეს, ვინც შოვში სტიქიურ უბედურებას გადაურჩნენ, რათა მათ აღარ იაქტიურონ და მთავრობის საწინააღმდეგოდ ჩვენებები არ მისცენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ბინებრივი კატასტროფა იმდენად სწრაფად განვითარდა, მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
თავად ჯელაძემ თქვა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ ადანაშაულებდა ირაკლი კობახიძე ტყუილში. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ მმართველი პარტიის ლიდერს არ სურდა, გასაჯაროებულიყო ის საშინელება, რაც შოვში მოხდა.