დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი დეპუტატის, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის თანაავტორის, დიმიტრი ხუნდაძის სიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად წავიდა. მირიან ოქროპირიძეს რომ აშშ-ის ვიზა არ ჰქონდა, ტელეკომპანია „პირველთან“ მისმა დედამ, ელისო ოქროპირიძემ და მეუღლემ, თიკა ხუნდაძემ დაადასტურეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პირველის“ ინფორმაციით, მირიან ოქროპირიძემ მარტის დასაწყისში შვებულება აიღო, თუმცა სამსახურში აღარ დაბრუნებულა. ის აშშ-ში, სავარაუდოდ, მექსიკის გავლით ჩავიდა.

„მამაჩემიც უკმაყოფილოა ჩემი მეუღლის გადაწყვეტილებით, მეც უკმაყოფილო ვარ, არ მინდოდა, რომ წასულიყო და აქაურობა დაეტოვებინა, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ვიზა არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი, რითი წავიდა. ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა ჩვენი პირადი ცხოვრებაა. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. მეც, ჩემი ოჯახიც, მამაჩემიც ამით ვართ უკმაყოფილო, რადგან მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაეტოვებინა საკმაოდ სოლიდური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში“, - ამბობს თიკა ხუნდაძე.

მირიან ოქროპირიძე ათი წლის განმავლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. 2013 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნებიდან“ მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატად იქნა არჩეული, მირიან ოქროპირიძე სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსად დაინიშნა, ბოლო წლების განმავლობაში კი ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი იყო. მისი მეუღლე, თიკა ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველია.

ტელეკომპანია „პირველის“ წყაროს ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძის სიძეს ამერიკაში გაქცევამდე სამსახურში პრობლემები შეექმნა, კერძოდ, ის ხე-ტყის მასალების უკანონო ვაჭრობის სავარაუდო მფარველობაში ამხილეს.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულ იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ შექმნეს და პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირეს. საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და სხვა საშუალებების გამოყენებით დაარბია. აქციის დაშლისას მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთმა მომიტინგემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ აქვეყნებს ინფორმაციას, რამდენი დემონსტრანტი დაშავდა. პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული, ერთი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა. შსს აცხადებს, რომ ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით აგრძელებს, რაც პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მოქალაქეების პროტესტის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო, ხოლო მეორე კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).