საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებულ სავიზო შეზღუდვებს გამოეხმაურნენ. ფრაქცია „ქართული ონცების“ წევრი ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ სანქციებისთვის მზად არიან და უკან დახევას არ აპირებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხალხი თავს წირავდა და სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჩემი ოჯახი და „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს. ჯერ კიდევ საკითხავია, სანქციები ვის და როდის დაუწესდება... არავითარ შემთხვევაში [უკან დახევას არ ვაპირებთ]... მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც.. მშვიდად იყავით, ძალიან ბევრი მოსაზრება, რომელიც მოსაზრებად გამოთქვით, დარჩა მოსაზრებად. დამშვიდდით, საქართველო გაიმარჯვებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ზავრადაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, შოთა ხაბარელმა თქვა, რომ დეპუტატებისთვის სანქციების დაწესება „ისტორიაში ალბათ შავი ასოებით ჩაიწერება“.
„იმის გამო, რომ საქართველო იღებს გამჭვირვალობის შესახებ კანონს და ვინც ამას აძლევს ხმას, სანქციებს უწესებენ. თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა“, - აღნიშნა ხაბარელმა.
სანციების არ აშფოთებს არც ირაკლი მეძმარიაშვილს. „დავძლევთ ვეტოს და მერე გიპასუხებთ ყველაფერს. რა ოჯახის წევრებზე, მე და ჩემი მეუღლე ვართ. რაც იქნება, ის იქნება. შიში რას ნიშნავს, რისი უნდა შემეშინდეს“, - უთხრა მეძმარიაშვილმა ჟურნალისტებს.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერს, დიმიტრი ხუნდაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები „ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას“ მიიღებს. „მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგება - სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერება, თუ ვიზები და ავიაბილეთები, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ. ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით საქართველოში პასუხი დიდი ხანია არსებობს და მეც ეს პასუხი მექნება: არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“, - განაცხადა ხუნდაძემ.
სანქციებს გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრი - დავით კაჭარავაც ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით უკან არ დაიხევენ.
„წარმოუდგენელი რაღაც ხდება მთელ მსოფლიოში. ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღეთ. ეს არის პირდაპირ შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია. ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას და ვაჭრობას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით“, - თქვა კაჭარავამ.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შეიმუშავებს, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შეფერხებაზე. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. გარდა ამისა, ბლინკენი იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.