მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, 20 და 21 წლის სამი მამაკაცი დააკავეს. დაკავებამდე ახალგაზრდებს, რომლებიც „ოპელის“ მარკის ავტომობილით მარნეული-სადახლოს გზაზე გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიცია დაედევნა, „ოპელი“ ხიდიდან გადავარდა და ამობრუნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
სოფელ დაშტაფის მცხოვრებლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ახალგაზრდების დაკავებისას და პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს. ისინი მომხდარში პოლიციელებს ადანაშაულებენ:
„ჩვენი მოთხოვნაა სოფელში ციმციმას გარეშე არ შემოვიდნენ. ყოველდღე ეს ხდება. აქ ბავშვის სათამაშო მოედანია. ხალხი მეჩეთის წინ სალოცავად გამოდის, 30-40 კაცი იკრიბება. რა მოხდებოდა, ვინმე რომ დაღუპულიყო?“;
„ეს პოლიციის ბრალია. თუ გზაზე ვიდეოთვალი არსებობს, შეხედონ და ნახონ. პოლიციის მანქანის შუშის გატეხვა ცოტაა, ბენზინიც უნდა დავასხათ და ცეცხლი წავუკიდოთ“.
ახალგაზრდებმა მიმალვა შეძლეს. მათ დასაკავებლად სამძებრო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.-მ მარნეული-სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა, გზა განაგრძო ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა
ა.ბ.-მ და ავტომობილში მასთან ერთად მყოფმა პირებმა გ.ო.-მ და ე.კ.-მ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.
ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში ხელი შეუშალეს და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.