პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით და საერთო ჯამში, რუსეთს უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს. მისი თქმით, ბოლო ერთ-ორ კვირაში უკრაინას არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია, მაშინ როდესაც რუსეთმა ერთ კვირაში ათამდე დასახლებული პუნქტი დაიკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ჟურნალისტებმა კობახიძეს სთხოვეს განემარტა, რას გულისხმობდა, როდესაც 8 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის უპირატესობის ფონზე საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი იზრდება.
„ეს ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ასევე, უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მაგალითად, ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს. ეს არის ფაქტობრივი...
ანუ დღეს ვის აქვს უპირატესობა, ეს არის მნიშვნელოვანი. საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ასევე, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. ანუ, საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
ამიტომ ვამბობთ, რომ ამ პირობებში, რა თქმა უნდა, იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამის უკან შეიძლება ვიღაცისთვის რეალურად რაღაც ობიექტური ინტერესი არსებობდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ვის აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უპასუხა:
„დავარქვათ გლობალური ომის პარტია. ჩვენ ვიცით, ამის უკან ვინ იგულისმხება, რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე ჩვენ სახელს არ დავარქმევთ. სწორედ იმიტომ ვამბობთ „გლობალური ომის პარტია“, რომ არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს. არსებობს კონკრეტული ინტერესი მეორე ფრონტის გახსნის იმისთვის, რომ რუსეთს პირველ ფრონტზე მდგომარეობა დაუმძიმდეს. ჩვენ გვყავს 25 ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს ასამდე ტანკი, ორი მოიერიშე თვითმფრინავი და ა.შ. რა თქმა უნდა, გარკვეული რესურსი, რომ რუსეთს მდგომარეობა დავუმძიმოთ, არსებობს, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების ხარჯზე მოხდება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ და ბოლომდე გავყვებით ამ ინტერესს“, - თქვა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერის განცხადებებთან.
„ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით მეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას.
სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი [დამარცხების მიღება ბრძოლის გარეშე - რედ.] უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
კობახიძეს აშშ-იც გამოეხმაურნენ. როგორც სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ისე ჟღერს, თითქოს, კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს.
„ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა. თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა კრამერმა.
„უცნაურია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში პოლიტიკოსი აკეთებდეს განცხადებებს მოსკოვის თავდასხმის შესახებ ბახმუტთან დაკავშირებით და „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობდეს, რაც კრემლს ახარებს. რა არის ამის მიზანი?“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამის დირექტორი.