„ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის გვარად - სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ დღეს, კანონით ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს“, - ასე უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეკითხვას, რას ფიქრობს სექსუალური შევიწროების მსხვერპლი თათია სამხარაძის წინააღმდეგ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, მის სახლში პროპაგანდისტული ტელევიზია POS TV-ის თანამშრომლების მივარდნასა და მისი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ თათია სამხარაძეს არ იცნობს და არ იცის, რაზე საუბრობდა ჟურნალისტი, თუმცა სწორედ ის იყო ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს, სტრასბურგში, სტამბოლის კონვენციას, „ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ფუძემდებლურ დოკუმენტს“, ხელი მოაწერა.
„თქვენ თქვით, რა არის სახლში მივარდნებიო. თქვენ, „ფორმულა“ ჩემს სახლში სულ ახლახანს იყავით მოვარდნილი და სახლში მივარდნები... ა, მინისტრს შეიძლება სახლში მიუვარდე და ჟურნალისტს არ შეიძლება. თქვენი ტელევიზია და კიდევ აქ მჯდომი არაერთი ტელევიზია სახლში გვივარდებით, მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა, მომივარდეთ სახლში „ფორმულა“ და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, მაგრამ როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახების მოხუც წევრებს უვარდებით სახლში, ესეც თქვენი ხელწერაა.
„ფორმულა“ და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები სანამ შეიშმუშნებით, შეწუხდებით და ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ვიღაცას სახლში ვიღაცა მიუვარდა, სამჯერ დაფიქრდით, იმიტომ, რომ ჩვენს სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული. თუ ღმერთი არ გწამთ, სამჯერ არ დაფიქრდეთ, ხუთჯერ დაფიქრდით. ეს არის ჩემი პასუხი“, - თქვა თეა წულუკიანმა.
ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა და ქალთა უფლებების აქტივისტმა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის გენერალური პროდიუსერია, 2016 წელს სასმართლოში უჩივლა და სექსუალური შევიწროების საქმე მოიგო, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოშიც. გასული კვირაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ დაადანაშაულა კიდევ ხუთმა ახალგაზრდა ქალმა - მაკო ჯაბუამ, ანანო იაშვილმა, გვანცა ბუდაღაშვილმა, ანანია გაჩეჩილაძემ და მირანდა ძირკვაძემ, რომლებიც სხვადასხვა დროს რამიშვილთან სამსახურთან დაკავშირებით იყვნენ მისული.
შალვა რამიშვილმა ქალების ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია POS TV-ის მაღალი რეიტინგის გამო დაიწყო. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრებმა რამიშვილის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.
მალევე, POS TV-მ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზატორი თათია სამხარაძე იყო, რაშიც მას თანხა ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი ჩიქოვანმა გადაუხადა. 24 მარტს, POS TV-ის თანამშრომელმა ნათია ბერიძემ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ, შესაძლოა, თათია სამხარაძე გატაცებული და ნაცემი ყოფილიყო, რადგან დიმიტრი ჩიქოვანსა და მას შორის თანხასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა. ამის შემდეგ პოლიციელები ჩიქოვანის სახლში მივიდნენ. მათ თან POS TV-ის გადამღები ჯგუფიც ახლდათ. შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. სამხარაძე არც გატაცებული ყოფილა და არც ნაცემი.
ამის შემდეგ POS TV-მა თათია სამხარაძის მიმართ კვლავ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია. სექსუალური შევიწროების მსხვერპლმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსა და პრეზიდენტს მიმართა.
თავის მხრივ, დიმიტრი ჩიქოვანი აპირებს, რომ POS TV-სა და ნათია ბერიძეს ცრუ დასმენისთვის უჩივლოს.