ტელეწამყვან შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამი ქალი ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის დამფუძნებელსა და გენერალურ პროდიუსერს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამი ქალი ადანაშაულებს. რამიშვილი, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოში საქმე ერთხელ უკვე წააგო, ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია POS TV-ის მაღალი რეიტინგის გამო დაიწყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

20 მარტს, გამოცემა „ტაბულას“ ყოფილმა ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღწერს, რა გადახდა 7-8 წლის წინ, როდესაც დასაქმების თაობაზე გასაუბრების მიზნით, შალვა რამიშვილთან მივიდა. მაკო ჯაბუა ჰყვება, რომ ოფისად ქცეულ ბინაში გასაუბრების დროს რამიშვილმა მის „არასტანდარტულ და თამამ გარეგნობაზე“ გაამახვილა ყურადღება და ჰკითხა, დარწმუნებული იყო, თუ არა, რომ „უბრალო ჟურნალისტად“ ყოფნა სურდა. მაკო ჯაბუას თქმით, რამიშვილს უპასუხა, რომ უნდოდა, ახალი ამბების ჟურნალისტი ყოფილიყო, რის შემდეგაც, მათ შორის ასეთი დიალოგი შედგა:

„- ხო, გასაგებია, მაგრამ იქნებ, რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ - კარგად ალბათ.

- ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად, რა პოზაში მოსწონთ, „ფეილები“ რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ... და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი, მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე. არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ, თემა შემიცვალოს და მეთქი „გეი პორნოს ალბათ“.

- ხოო, ახლა რომ ჩაგირთო, რას იგრძნობ?

- არ ვიცი.

- მოდი, ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს). რას გრძნობ?

- უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო, რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)

- არ გინდა დაან*რიო?

-არა.

- მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?

- არ ვიცი.

ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე.

-კაი, კაი, მოიცა. გაგაცილებ. რითი მოხვედი? აი, 10 ლარი გამომართვი და ტაქსით წადი.

არასდროს დამავიწყდება ეგ 10 ლარი, რომელიც რობოტივით გამოვართვი და გამოვედი. 2 საათი ფეხით ვიარე, სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მიწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა? რას აპირებსო? ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე. აი, ეს არის შალვა რამიშვილი. აი, ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ, რომ „ძლიერი“ აღმოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?! აი, ამ კაცთან მუშაობთ და ამ კაცს უსმენთ და მოგწონთ“, - წერს მაკო ჯაბუა.

მას შემდეგ, რაც მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილზე დაწერა, შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების საჯაროდ მოყოლა სხვა ქალებმაც დაიწყეს. ანანო იაშვილი Facebook-ზე წერს, რომ რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 18 წლის ასაკში გახდა, როდესაც ტელევიზიაში მუშაობის დაწყებას ცდილობდა. ანანო იაშვილის თქმით, ტელეკომპანია „იმედში“ გასაუბრებაზე პირადად შალვა რამიშვილმა დაიბარა.

„წინასწარ გამაფრთხილა, რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი, პერსონაჟიაო ასეთი. გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე, ამას აღარ მოვყვები, ამ ეტაპზე. თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით (წინაზე უარის შემდეგ) და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს... მანიაკია ჩვეულებრივი და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა, საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს, თავისუფლად დადის ქუჩებში“, - წერს ანანო იაშვილი და აღნიშნავს, რომ მიღებულ ტრავმასთან გასამკლავებლად წლები დასჭირდა.

შალვა რამიშვილს სექსულურ შევიწროებაში ადანაშაულებს გვანცა ბუდაღაშვილიც. მისი თქმით, 2018 წელს რამიშვილმა მიწერა და გასაუბრებაზე POS TV-ში დაიბარა.

„მივედი. ვისაუბრეთ ყველაფერზე - პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა, რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით, ბევრ რამეს მივაღწიო. ზუსტად არ მახსოვს, როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ. უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი“, - იხსენებს გვანცა ბუდაღაშვილი და დასძენს, რომ რამდენიმე დღეში რამიშვილი ისევ დაუკავშირდა და უთხრა, სამსახურის დაწყება თუ უნდოდა, ზოგიერთი საკითხის გასარკვევად მისულიყო.

„მივედი. ნასვამი იყო და პირდაპირ მოითხოვდა, ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში წამოვედი. ნათელი იყო, ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი, რომ ამ „სამსახურის“ გზა საწოლზე გადიოდა. მითხრა, რომ ზოგადად ასეთი არაა და მე ვარ განსაკუთრებული. ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და რა თქმა უნდა, სისულეებით სცადა თავის მართლება. ამ ამბიდან მალევე „ევოში“ დავიწყე მუშაობა. მწერდა, რომ საცოდაობაა, როცა ჩემნაირი ნიჭიერი გოგო ღამეებს კაზინოში ათენებს და მერე „შემახარბა“, რომ POS TV უკვე ნამდვილი ტელევიზია გახდა“, - წერს გვანცა ბუდაღაშვილი და რამიშვილთან მიმოწერასაც ასაჯაროებს.

შალვა რამიშვილის მიმართ ბრალდებებს პარლამენტის წევრებიც გამოეხმაურნენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძისთვის ქალების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია დამაჯერებელი არ არის და „კრიტიკული ტელეკომპანიის“ მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილად მიაჩნია.

„ნაცმოძრაობის“ ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის ჟურნალისტი POSTV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში. ბოლოს ბოლშევიკები აკეთებდნენ ამას, კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ. დანოსებს აწერინებდნენ. 

7 წელი, რაღაც მომხდარა თურმე, არ გახსენებია და ახლა გაახსენდა. მე არ მჯერა. ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა, ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა. შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევის, შემთხვევითობების, მე არ მჯერა. ჩემი აზრია, რომ ეს ამ ფაშისტური კამპანიის ნაწილია. არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში, ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ, როდესაც ეს ყველაფერი ფაშიზმის კამპანიას ემთხვევა, არის მინიმუმ ძალიან საეჭვო და კრიტიკული ტელეკომპანიის, ჟურნალისტების და წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

„ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

„რამდენი კონცეფციაც არ უნდა მიიღოს ამ პარლამენტმა და რამდენი საათიც არ უნდა ხარჯოთ თქვენ, მე და სხვა ადამიანებმა ამ პარლამენტში, ასეთი პოლიტიკური განცხადებები და ხელის დაფარება მოძალადეებზე, რომლებიც, სხვათაშორის, სასამართლოს მიერ არიან მხილებული შევიწროებაში, მათთან ეთერში ჯდომა, ამ ადამიანების მთავარ პროპაგანდისტებად გამოყვანა და მათი იდეოლოგიით ცხოვრება, ამ ძალიან დიდ და სწორ შრომას წყალში ყრის. ადამიანის უფლებები არ არის ფურცლები და კონცეფციები, არც ცაკლე აღებული კანონებია. ადამიანის უფლებები არის კონკრეტული დაზარალებული და მსხვერპლი რომ დგას შენს წინ, მას როგორ ექცევი. დიახ, ერთ-ერთი მთავარი, რაც უფლებადაღვეულ ადამიანებს სჭირდებათ, ეს არის მათ მიმართ ნდობა, პირველ რიგში. ქალებს, რომლებიც ძალადობის და შევიწროების მსხვერპლები არიან, ეს ორმაგად სჭირდებათ იმიტომ, რომ ამ საზოგადოებაში განსაკუთრებით რთულია საჯაროდ ხმის ამოღება. ძალიან სამარცხვინოა, რომ პირველი კომენტარი, რასაც აკეთებთ, არის ის, რომ არ ენდობით ძალადობის მსხვერპლ ქალებს. იმ ქალებს თქვენი კონცეფციები და საკანონმდებლო ბაზა კი არ სჭირდებათ, არამედ მათ სჭირდებათ სისტემა, რომელიც არ აიძულებთ, გაჩუმდნენ. მათ სჭირდებათ ნდობა.

მის [შალვა რამიშვილის] წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი და დადასტურებულია, რომ ის თავის თანამშრომელს სექსუალურად ავიწროებდა. თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? მასთან ტელევიზიაში სხედხართ და ამ კაცთან თანამშრომლობთ, მისი პროპაგანდა არის თქვენი პროპაგანდისტული ხაზის მთავარი საყრდენი. ვერ დავიჯერებ, რომ ქალთა უფლებები გაწუხებთ, როცა ასეთ ადამიანებს არ ემიჯნებით“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ნინო წილოსანის განცხადებით, სასამართლომ შალვა რამიშვილის მიმართ გადაწყვეტილება სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიიღო და ანა ნაცვლიშვილი ყოფილი პატიმრების ან მსჯავრდებულების რესოციალიზაციის წინააღმდეგია.

„რაც შეეხება კონკრეტულ პირს, რომელზეც ამბობთ, რომ მის ეთერში რომელიმე ჩვენი კოლეგა ზის, ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ზოგადად, ყოფილი პატიმრების ან მსჯავრდებულების რესოციალიზაციის წინააღმდეგი ხართ. თურმე შემდეგ ეს ადამიანები უნდა მოგლიჯოთ საზოგადოებას და ფაშისტურად გარიყოთ სოციუმიდან, რომელსაც არ ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ, ყველა ადამიანი, რომელიც ქალზე ძალადობს, უნდა იყოს დასჯილი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

შალვა რამიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს „სწორი და მართალი პოზიციისთვის“ მადლობა პირდაპირ ეთერში გადაუხადა. რამიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც POS TV-მ „რეიტინგის აკრეფა“ დაიწყო.

„ეს არის რეიტინგი, რომლის მიხედვითაც რეკლამა იყიდება. ჩვენ მყარად ვართ მესამე ადგილზე, ხშირად მეორეზეც. რა თქმა უნდა, ჩვენი გავლენა და ჩვენი წონა ამ პროცესში იზრდება და საჭირო გახდა დაბულინგება - ჩემი არა, მე ჩემი ნერვები დავტოვე ციხეზე. მე კი არ მაბულინგებენ, აბულინგებენ ჩემს თანამშრომლებს, ადამიანებს რომ ჰკითხონ, ამასთან როგორ მუშაობ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რატომ ხდება ეს, იციან ჩემმა თანამშროლებმა... შეიძლება კიდევ გამოჩნდნენ ვიღაცეები“, - თქვა რამიშვილმა.

2016 წელს, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის სასამართლოში უჩივლა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, შალვა რამიშვილმა თათია სამხარაძეს სექსუალური კავშირის დამყარება შესთავაზა კარიერულ წინსვლის და მფარველობის სანაცვლოდ, რის გამოც ქალი იძულებული გახდა, სამსახურიდან წასულიყო. 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა 2000 ლარის ოდენობით. რამიშვილი ბრალდებას მაშინაც უარყოფდა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).