„სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად“, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ გაერთიანებაზე შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„არც ეს არის ტრაგედია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან, ვფიქრობ, ქვეყანას და თითოეულ ჩვენთაგანს დღეს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხებია. მე ეს შევძელი პირადად, ბადრიმაც, დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით. მერე, შემდგომ, იცით რომ ამ კოალიციაში არის ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი. მე რადგან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით. ძალიან ბევრი კონტრაქტი გამიფორმებია ჩემი ცხოვრების მანძილზე. ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ვნებათაღელვა მთავრდება როგორც კი ხელმოწერა ხდება. ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავი მზად გუშინ, როდესაც დავტოვე პრეზიდენტის სასახლე. დღეს 2 საათზე გითხარით ამის შესახებ“, - განუცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.
შეკითხვაზე, რა შეიცვალა რამდენიმე საათში, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ არ იცის.
„შეიძლება, ასე ჩათვალეს ამ ეტაპზე. ერთადერთი რაც მინდა გითხრათ: მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან, ზომის და წონის მიუხედავად. ვის უფრო მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს, მაგით არ ვუყურებ მე პარტნიორობას. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით.
პარიტეტი ჩვენს შორის, ყოფილ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით. ის სამი ადამიანი, რომელიც შემოვიდა კოალიციაში და ჩვენ ამის გამო სახელიც კი შევცვალეთ და დავარქვით „ძლიერი საქართველო“, ეს აღარ არის „ლელო“, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებული როგორც დამატებითი ამ კოალიციის, უკვე დიდი ჯგუფის ნაწილი. მეტი დეტალი აღარ არის საჭირო, მგონი გასაგებია ყველაფერი“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთან“ შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. მათი განცხადებით, „მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია“. „საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, - განმარტავს ექსპრემიერის გუნდი.
16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს საპარლამენტო არჩევნების წინ გაერთიანებისკენ მოუწოდა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება პოზიტიურ მესამე ცენტრს, რომელსაც აქვს უნარი, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. „გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და, მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია. ვიმედოვნებ, ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს; ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ, ქვეყნის გადარჩენისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.