დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები „ომის პარტიად“ წარმოაჩინონ - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე გაჟღერებულ ანტიდასავლურ გზავნილებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ჯარმა კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო 33 წლის განმავლობაში, აქამდე, საქართველოს ევროპულ მიზანს არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მივმართავ ჯარს, რომლის მთავარსარდლობას ამაყად ვატარებ: მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს. დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია. იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში. ემსახურებოდნენ იუნკრები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს უკლებლივ ყველა გუშაგი და რამაც დღემდე მოგვიყვანა. მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას. მტერმა ძალიან კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.

30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული - ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის განმავლობაში არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

საქართველოს ჯარმა კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს - ტერორიზმთან ბრძოლას.

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ და პირველ რიგში, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით, არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა 19-ე საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას, ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას.

იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა.

ვინ თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა და როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ. დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა, არსებობა არაა.

ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარისა და სამშობლოს წინააღმდეგაც არის. ვინც ქადაგებს ერთობას, ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს.

მინდა თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალიდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის. მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება, თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ.

გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა, მათი ხსოვნა უკვდავია. გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგახართ, ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ გწამთ დღეს და ვინც დაიცავს ხვალინდელ ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს, გილოცავთ დღევანდელ დღეს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელიც პრეზიდენტს არ მიესალმა და ის სახელითაც არ მოიხსენია. მისი თქმით, ეს შეგნებულად გააკეთა. „ქართველ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის, ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჯარისადმი მიმართვის დასაწყისში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).