დილით სააკაშვილი 69.7 კგ იყო, თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ 65 - კლინიკის დირექტორი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„დღეს, დილით, პაციენტი იწონიდა 69.7 კილოგრამს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ ის იქნება 68, ზეგ იქნება 65. გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ძირითადად, მწოლიარე მდგომარეობაშია“, - განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესების გამო და ბოლო დღეებში საკვების მიღება შეამცირა.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ რაოდენობით, იმ კალორაჟით რაც რეკომენდებულია. ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ შეამცირა საკვების მიღება, საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა და ვინაიდან კლინიკა ყველაფერს აკეთებს  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რაც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მინდა, გითხრათ, რომ თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

მინდა, მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს მკურნალობას, შესრულებული იყოს ექიმების რეკომენდაცია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ამან შეიძლება მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე“, - განაცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.

კითხვას, მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ იღებს თუ ვერ იღებს, „ვივამედის“ ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ „არ იღებს“: „შეამცირა იმ რაოდენობის საკვების მიღებაც, რასაც იღებდა. ჩვენ ადრეც გავუსვით ხაზი, როდესაც ის იღებს იმ რაოდენობის საკვებს, ის ირგებს. ანუ ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, რაიმე პრობლემა, დაბრკოლება არ არსებობს. თვითონ აცხადებს, რომ უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით და თავის პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს, რომ კიდევ დამძიმდეს მისი მდგომარეობა და შემდეგ მართლა შეიძლება გახდეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანი“.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, კორონავირუსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 24 იანვარს დაუდასტურდა, საკვების მიღებისთვის ხელისშემშლელი პირობა არ არის. ექიმი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს კოვიდის მსუბუქი ფორმა აქვს და „ამ ეტაპზე არ საჭიროებს დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც კი“.

მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისიდან იმყოფება. ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნით, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.

ადვოკატებმა სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი მოხდის გადავადების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-ელ დეკემბერს მიმართეს. საქმეს სასამართლო თითქმის ორი თვეა განიხილავს და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).