„შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ნათელყოფს, რომ ეს არჩევნები და მისი შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, რამდენადაც ის არის სრულად გაყალბებული და არჩევნების პროცესი იქნა მიტაცებული“, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
კოალიციის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ 33 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში მრავალპარტიული არჩევნები ტარდება, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა.
„მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებში - უძლიერესი სახელმწიფოსი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და თანმიმდევრული დამცველი - პირდაპირ ჩანს უნდობლობა საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ. ამ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარეობს დემოკრატიული უკუსვლა, ხოლო ამ არჩევნებზე ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების უამრავი ფაქტი. ამაზეა საუბარი განაცხადებაში და ამავდროულად, პრეზიდენტი ბაიდენი მოითხოვს ამ გაყალბების, ამ პროცესის გამოძიებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, არჩევნები გამოიძიოს და გამჭვირვალედ შეისწავლოს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისმა სტრუქტურამ.
„რაც მთავარია, ჩვენ ვითხოვთ, რეგისტრაციის აპარატების გახსნას და გასაჯაროებას იმისთვის, რომ საზოგადოებამ ნახოს, ამომრჩეველთა სიები, რომელთაც ხმა მისცეს 26 ოქტომბერს. ჩვენ ნათლად დავინახავთ, რომ აქ არის ათობით ათასი ადამიანი, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში და მათ მაგივრად ხმა აქვთ მიცემული „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებულ გამყალბებლებს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
კოალიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უღიარებია იმის გამო, რომ „ჩადენილია დანაშაული“.
„ერთადერთი, ვინც მიესალმება ამ არჩევნების შედეგებს, არის რუსეთი, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები, რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც ქართველ ხალხს რუსეთის წიაღში დაბრუნებას ულოცავენ. არ შედგება ეს ამბავი. საქართველო არასდროს არ დაუბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს და ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ამ არჩევნების შედეგებმა არ შეაფერხოს ქვეყნის ევროპული მომავალი. ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო გამოძიება.
სანამ გამოძიება არ შედგება და არ დასრულდება, ეს არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება“, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები: „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11%), „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10%), „ძლიერი საქართველო“ (8.8%) და „გახარია საქართველოსთვის“ (7.7%). მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა. 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, ოპოზიციონერებმა საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც გააჟღერეს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“.
„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ჩინეთმა და ვენესუელამ.