ექსპერტების მოსაზრებით, შესაძლოა, ბელარუსმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ოკუპირებულ აფხაზეთში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ფაქტობრივად არ ყოფილა. ერთადერთი სერგეი ლავროვი ჩავიდა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ლუკაშენკოს ვიზიტის მესიჯი შეიძლება იყოს ის, რომ ბელარუსი აპირებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას“, - აცხადებს პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ერთი თვის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „რესპუბლიკა“ მზადაა შეუერთდეს ბელარუს-რუსეთისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს.

ზაქარეიშვის თქმით, ბელარუსი თუ არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ის სამოკავშირეო სახელმწიფოს ვერ მიუერთდება.

„თუ ეს მოხდა, ჩვენ გავწყვეტთ ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას. იმედი მაქვს, ლუკაშენკო დროს გაწელავს და მას ესმის, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით საბოლოოდ აღმოჩნდება რუსეთის ბანაკში“, - ამბობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

რონდელის ფონდის მკვლევარს, ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს მიაჩნია, რომ რა განზრახვაც არ უნდა ჰქონდეს ბელარუსის პრეზიდენტის, საქართველოს მხრიდან ყველაზე მკაცრი რეაგირებაა საჭირო: „ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, მინიმუმ ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გავწყვიტოთ“.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოს.

„ასევე, საქართველოს ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიწვიოთ დამატებითი კონსულტაციებისთვის. ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ უნდა გადაიხედოს. დაისვას საკითხი საქართველოში „ბელავიას“ პოზიციების შესახებ.

ბელარუსის საელჩოს რამოდენიმე დიპლომატი უნდა გავაძევოთ ქვეყნიდან. მინსკისგან ოფიციალური განმარტება და ბოდიში უნდა მოვითხოვოთ. ასევე, უნდა დაიწყოს ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე მსჯელობა, პოლიტიკური დისიდენტებისთვის თავშესაფრის მიცემის წესის გამარტივების პარალელურად.

ეს არის ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალი, რაც უნდა გააკეთოს პირველ ეტაპზე თავმოყვარე სახელმწიფომ“, - ასე ეხმაურება გობრონიძე ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დღეს, 28 სექტემბერს ჩავიდა და სეპარატისტული ხელისუფლების ხელმძღვანელებს შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასა და ლუკაშენკოს შორის შეხვედრა გაიმართა ქალაქ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე, რომლის გადაცემასაც რუსეთი ითხოვს. „ჩვენ გვსურს არამხოლოდ მეგობრობის ხიდი გავდოთ, არამედ დავალაგოთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, - განაცხადა ლუკაშენკომ შეხვედრაზე. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მხარეს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).