გაერთიანების წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას - პაპუაშვილი ევროკავშირზე

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ იმ მომენტში გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რომლითაც ჩვენ მოვიგებთ და არა წავაგებთ და ზიანს მივაყენებთ ჩვენს თავს“, - ამის შესახებ არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა და დასვა შეკითხვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ეკონომიკურად თუ განვვითარდებით.

„ხომ დავთვალეთ, რომ გვექნებოდა 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ევროკავშირისთვის ორი წლის უკან, დღეს ვიქნებოდით გაღატაკებული ქვეყანა. ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის.

„რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიღაც ეტაპზე ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა, ჩვენ ამაზე გავლენა არ გვაქვს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა გვქონდეს - ადამიანი აქ მიტინგებზე დადის. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, ჩვენ გავუსწროთ ევროკავშირს ეკონომიკური განვითარების ტემპებით. ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს ამ ტემპებით, ინსტიტუციური განვითარებით ვუსწრებთ. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ განვვითარდეთ და როცა განვვითარდებით, ეკონომიკურად და ინსტიტუციურად ვიქნებით 2030 წელს იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება, იქით შეგვეხვეწოს კიდევ ვიღაც, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და რაღაც შევიზღუდოთ კიდეც თავი. იმიტომ, რომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას.

თქვენ რა გგონიათ - ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, რომელიც დადებული გვაქვს თუნდაც ჩინეთთან და ბევრ დსთ-ს წევრ ქვეყანასთან. უვიზო მიმოსვლის გაუქმება იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? აღარ გვექნება. ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყნასთან დეზინტეგრაცია - მათ შორის, უვიზო რეჟიმების გაუქმება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, ევროკავშირის წევრობით რატომ მოუწევს საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმება რომელიმე ქვეყანასთან, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა:

„იმიტომ, რომ ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე. ვისთანაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა არ აქვს, საქართველოში იმას ვერ შემოვუშვებთ.

ასე რომ მივყვებით, აბა შეხედეთ, ღვინის სექტორს რა მოუვა. ჩვენ დღეს რომ გავწევრიანდეთ, ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა, პირდაპირ ჩამოინგრევა“, - თქვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირში დღეისთვის 27 ქვეყანაა. შენგენის ზონა 25 ქვეყანას მოიცავს, გარდა კვიპროსისა და ირლანდიისა. ამჟამად ევროკავშირს უვიზო რეჟიმი არაწევრ 61 ქვეყანასთან აქვს, ასევე ჩინეთის ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან (ჰონკონგი და მაკაო) და ტაივანთან. შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ, მაგალითად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის მოქალაქეებს.

ვანო ჩხიკვაძე

პაპუაშვილის ანტიდასავლურ, პრორუსულ განცხადებებს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე გამოეხმაურა.

ევროკავშირის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს წევრობას შეხვეწოდნენ. ევროკავშირში შესვლას იქით ცდილობენ ქვეყნები, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის განვითარების ის მოდელი, რომელიც მათ სჭირდებათ და გამოადგებათ. ევროინტეგრაცია იმიტომ უნდათ, რომ გაწევრიანების პროცესში რეფორმები მათ ეხმარებათ, უკეთესი გახდნენ. სუვერენიტეტს არ დავკარგავთ. სუვერენიტეტს გავაზიარებთ და ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ისე არა, როგორც სსრკ-ში იყო, მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება რომ სავალდებულო გახლდათ და ჩვენ უსიტყვოდ უნდა დავმორჩილებოდით. სუვერენიტეტი რომ დაეკარგა, უნგრეთი ვერ დაბლოკავდა, მაგალითად, უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. ვერც საბერძნეთი/ბულგარეთი შეუქმნიდა პრობლემებს ჩრდილოეთ მაკედონიას და ვერც სლოვენია – ხორვატიას. ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ერთხმად მიიღება. შესაბამისად, პატარა ქვეყნის ხმამ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დაბლოკოს.

თავისუფალ ვაჭრობას და ღვინის ექსპორტს რაც შეეხება, ღვინის დიდი ნაწილი (საქსტატის მონაცემებით ა.წ. იანვარ-ივლისში ღვინის ექსპორტის 81%) რუსეთზე მოდის. ეს არის ყველაზე არაპროგნოზირებადი ბაზარი, რომელსაც მისი ხელისუფლება პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ყველა ერიდება მასზე ჩამოკიდებას. მოლდოვას შეხედეთ, რომელმაც შეძლო, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი 80%-დან 10%-ზე დაეწია და ცდილობს საერთოდ გაანულოს, ახალი ბაზრები მოიძიოს და მექსიკაშიც კი დაიწყეს ექსპორტი. გახსოვთ ალბათ, 2006 წელს როგორ ჩაკეტა რუსეთმა ბაზარი, თითქოს ჩვენი ღვინო მათ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რეალურად კი – ჩვენს დასასჯელად, სუვერენული საგარეო პოლიტიკა რომ არ გაგვეტარებინა. რომელი სჯობს, 148 მილიონიანი რუსეთის არაპროგნოზირებადი ბაზარი, რომელიც კრემლმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაგიკეტოს, თუ 450 მილიონიანი ევროკავშირის პროგნოზირებადი ბაზარი, რომელიც მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა? ღვინის წარმოებისას ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება სჯობს, რომელიც მერე სხვა ბაზრებზეც გიხსნის წვდომას, თუ რუსული ბაზრის სტანდარტები და კორუფციული სქემები?

უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და შენგენს რაც შეეხება: ჯერ ერთი, ევროკავშირის წევრობა მომენტალურად შენგენის ზონის წევრობას არ ნიშნავს. აგერ, ბულგარეთს და რუმინეთს შეხედეთ, რა დრო დასჭირდათ ამისთვის (თითქმის 18 წელი). თუ ამას მხოლოდ ტურიზმის კუთხით და სუფთად პრაგმატულად უყურებთ, ალბათ იცით, რომ მსოფლიოში ყველა ცდილობს, ისეთი პირობები შექმნას, რომ არა მაინცდამაინც რუსი ტურისტი მოიზიდოს, არამედ ამერიკელი, გერმანელი, ბრიტანელი, იაპონელი, ფრანგი, იტალიელი, კანადელი, ჰოლანდიელი და ბელგიელი. მარტივი მიზეზია – ითვლება, რომ ისინი ყველაზე ბევრს ხარჯავენ ტურისტულ მოგზაურობებში. ასევე ჩინელებიც და გინახავთ ალბათ, რომ ჩინელები როგორღაც ახერხებენ ვიზის აღებას და ევროკავშირში მოგზაურობას. ამ განცხადებას იმიტომ აკეთებთ, ან ხალხი დააბნიოთ და ევროინტეგრაციისადმი ნიჰილიზმი გააჩინოთ, ან ნაკლებად აანალიზებთ. ნათელია, რომ ევროინტეგრაცია ხელისუფლებისთვის ტვირთია, რადგან რეფორმების გატარებას მოითხოვს და ამ რეფორმებმა შეიძლება თქვენს ძალაუფლებაში ყოფნას საფრთხე შეუქმნას. ხალხის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ მაღალია. ერთ-ერთი ბოლო ბასტიონია, რის დანგრევასაც ცდილობთ. ზუსტად ეს არის, ეს კი იმიტომ გინდათ რომ მერე ხელ-ფეხი გაგეხსნათ და თქვათ, რომ ეს ხელისუფლებას კი არა, ხალხს აღარ უნდა ევროკავშირი“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.