ეს ამ დამანგრეველი ომის ერთ-ერთი შედეგია - ღარიბაშვილი კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უკრაინის ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ნაწილში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით და მომხდარი დამანგრეველი ომის ერთ-ერთ შედეგად შეაფასა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ეს ახალი არ არის. ახლა, კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, მიწასთან არის გასწორებული ქალაქები და სოფლები. კახოვკის ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ომის დასრულების რეალურ მცდელობებს ან მოლაპარაკებებისკენ მოწოდებებს ვერ ხედავს.

„პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას - ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა და დღემდე, შეგახსენებთ, რომ ამ უკრაინის დამანგრეველი ომის შედეგად, კიდევ ვიმეორებ, რომ 20% არის ოკუპირებული. ეს არის დღევანდელი რეალობა. ამბობენ, რომ ტრილიონი დოლარი არის ზარალი, რომელიც უკრაინას მიადგა. ყველაზე უფრო მეტი, მძიმე, ადამიანების სიცოცხლე - 500-ზე მეტი ბავშვია გარდაცვლილი და ათი ათასობით ადამიანია დაღუპული. ეს არის უბედურება, კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს. მე მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე იმისთვის, რომ დასხდნენ და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი. ამას ალტერნატივა არ აქვს. დღეს ახსენეთ ჰესი, ხვალ შეიძლება უფრო უბედურება მოხდეს, ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრზე ადრე, კაშხლის აფეთქებას Twitter-ზე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მომხდარს რუსეთის მიერ ჩადენილი ომის კიდევ ერთი დანაშაული უწოდა.

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთი მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - ნოვა კახოვკის კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი“, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, 6 ივნისს, ღამით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რომელიც ხერსონის ოლქის ანექსირებულ ნაწილში მდებარეობს. მომხდარის გამო მდინარე დნიპროში წყლის დონე იმატებს და დასახლებულ პუნქტებს ტბორავს.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის თავდაცვითი ძალების წინსვლის შეჩერების, დამარცხებისა და სირცხვილის თავიდან აცილების გიჟური მიზანი ამოძრავებს. მისი შეფასებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნურად გამოწვეული და ტექნოგენური კატასტროფაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელიც გარემოს სპობს და უარყოფით გავლენას მოახდენს მომავალ წლებში ასობით ათასი ადამიანის ცხოვრებაზე.

რუსული მხარე მომხდართან კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ კაშხალი უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურდა. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, დატბორვის საფრთხე 80 დასახლებულ პუნქტს ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).