კახოვკის ჰესის კაშხალი განადგურებულია - წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რომელიც ხერსონის ოლქის ანექსირებულ ნაწილში მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ააფეთქეს. რუსული მხარე მომხდართან კავშირს უარყოფს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უკრაინის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ ვიდეოში კაშხლის განადგურებული მონაკვეთი და შენობა-ნაგებობა ჩანს. მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე, დატბორვის საფრთხის წინაშე მდგარი დასახლებული პუნქტებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საფრთხე მინიმუმ 16 ათას ადამიანს ემუქრება. 

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ მომხდარმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მუშაობაზე.

„6 ივნისის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად, წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, რაც დამატებითი საფრთხეა დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურისთვის.

კახოვკის წყალსაცავიდან წყლის მიწოდება ატომური ელექტროსადგურის ტურბინის კონდენსატორებისა და უსაფრთხოების სისტემებისთვისაა აუცილებელი“, - განაცხადეს „ენერგოატომში“ და აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის, ატომურ სადგურზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მომხდართან დაკავშირებით, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო საგანგებოდ შეიკრიბება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კაშხლის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს მხოლოდ უდასტურებენ, რომ ისინი უკრაინული მიწის ყოველი კუთხიდან უნდა განიდევნონ.

„მათ ერთი მეტრიც არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება აღადგენს უსაფრთხოებას. გამარჯვება იქნება. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და ვერც სხვა რამით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის თავდაცვითი ძალების წინსვლის შეჩერების, დამარცხებისა და სირცხვილის თავიდან აცილების გიჟური მიზანი ამოძრავებს: „კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური და ტექნოგენური კატასტროფაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელიც გარემოს სპობს და უარყოფით გავლენას მოახდენს მომავალ წლებში ასობით ათასი ადამიანის ცხოვრებაზე. დღევანდელი რუსეთი გლობალური საფრთხეა. მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება“.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ კაშხალი უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურდა. სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, დატბორვის საფრთხე 80 დასახლებულ პუნქტს ემუქრება. ოკუპირებული ნოვა კახოვკის ე.წ. მერის, ვლადიმირ ლეონტიევის ინფორმაციით, წყლის დონემ 10 მეტრით არის აწეული.

ურთიერთბრალდებების მიუხედავად, ორივე მხარე აცხადებს, რომ ჰიდროელექტროსადგური აღდგენას არ ექვემდებარება.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დნიპროზე გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. იგი ხერსონის ოლქში, ქალაქ ნოვა კახოვკიდან 5 კილომეტრში მდებარეობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.