საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაატაროს რეფორმები, გაზარდოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და გააძლიეროს ბრძოლა ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
დღეს, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩასვლა მეტყველებს საქართველოს ევროპული გზის მიმართ მის სერიოზულ დამოკიდებულებაზე.
„ჩვენ შევედით ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ ფაზაში... მძიმე სამუშაო გაქვთ წინ. კანდიდატ ქვეყნად ყოფნა მოითხოვს ძალისხმევის ახალ დონეს და ასევე ზრდის მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, ყველა მხარის პასუხისმგებლობას. რეფორმების შესრულებაში ჩართული უნდა იყოს თითოეული ქართველი“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სამი გზავნილი აქვს:
„პირველ რიგში, თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, რათა შეასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაციის ცხრა ნაბიჯი. ამისთვის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გყავთ და მნიშვნელოვანია, რომ ყველა, როგორც ვთქვი, იყოს ჩართული. ეს მოითხოვს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად.
მეორე - ევროკავშირი საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული კავშირია. ეს ფუნდამენტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ და სახიფათო გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ მივესალმებით თქვენს სტრატეგიულ არჩევანს ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. აღვნიშნავთ, რომ ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობა გაზრდილია - გაზრდილია უმნიშვნელოდ, თუმცა, საბოლოოდ ზრდა არის. ველით შესაბამისობის მნიშვნელოვან ზრდას უახლოეს წლებში.
ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელებით და მოგიწოდებთ, გააორმაგოთ ძალისხმევა ინფორმაციული მანიპულაციისა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ამას ვიხილავთ ევროკავშირის მომავალ არჩევნებში და შესაძლოა, ვიხილოთ თქვენს არჩევნებშიც.
და მესამე - ეს წელი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. ამას ვუკავშირებ თქვენს საარჩევნო პროცესს. მივესალმებით აქამდე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და მოგიწოდებთ, დაასრულოთ ისინი მომავალი არჩევნების წინ, გაითვალისწინოთ ვენეციის კომისიის და ODIHR-ის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, გასული წლის სექტემბერში, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, გაოცებული დარჩა თბილისის ქუჩებში ყველგან გამოფენილი ევროკავშირის დროშებით, რაც აჩვენებს საქართველოს მოქალაქეების „მტკიცე ერთგულებას“ ევროკავშირისადმი.
„თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა გაამართლოთ ეს მოლოდინები და ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა, თქვენთან ერთად გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გაიზარდოს თქვენი მედეგობა - თქვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“, - აღნიშნა ბორელმა.
20 თებერვალს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარე ჯოზეფ ბორელი იყო, საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ევროკომისიას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრი ოლივერ ვარჰეი წარმოადგენდა.