ესტონეთმა და ლიეტუვამ ირაკლი კობახიძეს სავიზო სანქცია დაუწესეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ესტონეთმა და ლიეტუვამ გააფართოვეს სანქცირებული ქართველი ოფიციალური პირების სიები. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა დირექტივას, რომელითაც მისი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა საქართველოს კიდევ 14 მაღალჩინოსანს აეკრძალა. მათ შორის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

„ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ, მიუღებელია, დანაშაულია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც საქართველოში ხდება და მიიღონ კონკრეტული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მიმართავს არასათანადო ძალას და სასტიკ ძალადობას საქართველოს ხალხის მიმართ და ძირს უთხრის დემოკრატიას“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

2 დეკემბერს ესტონეთმა და ლიეტუვამ სავიზო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს კიდევ 9 მაღალჩინოსანს დაუწესეს. ირაკლი კობახიძე სანქცირებულთა შორის ლიეტუვამაც დაამატა.

„ესტონეთთან თანამშრომლობით გავაფართოვეთ ქართველი პოლიტიკოსების სია, რომლებსაც ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. მას კიდევ 17 ადამიანი დავამატეთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ჩვენ არ მოვითმენთ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და დევნას. ევროკავშირის დონეზე ერთობლივი ქმედებების განხორციელების დრო დადგა“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი კობახიძემ და სიაში შემავალმა სხვა ოფიციალურმა პირებმა, პოლიტიკოსებმა თუ ბიზნესის წარმომადგენლებმა პირდაპირ წვლილი შეიტანეს საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევასა და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვაში. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ისინი უკვე დაასანქცირა უკრაინამ, დღეს კი ესტონეთმაც.

ესტონეთისა და ლიეტუვის გადაწყვეტილება ერთი დღით უსწრებს წინ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომას, სადაც 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა იქნება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ 17 პირის ვინაობა, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ:

  1. გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
  2. კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი
  3. მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
  4. მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის დეპუტატი
  5. ოთარ ფარცხალაძე - ყოფილი მთავარი პროკურორი
  6. ირაკლი რუხაძე - სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, „იმედის“ მფლობელი
  7. ლევან მურუსიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  8. ვიქტორ ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
  9. დიმიტრი სამხარაძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
  10. გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი
  11. ირაკლი კობახიძე - არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი
  12. გიორგი კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა
  13. ზვიად შალამბერიძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი
  14. შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
  15. თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
  16. ირაკლი ქარსელაძე - არალეგიტიმური მთავრობის წევრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  17. კახი ბექაური - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ უკვე სანქცირებულები იყვენენ: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქემთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი(„ხარება“) და მისი მოადგილეები - მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.