საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები „სრული შრომითი უფლებებით“ ისარგებლებენ, რაც სოციალურ დაცვას, სავალდებულო დაზღვევას, ხელფასებსა და პენსიებსაც მოიცავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ჰერჩინსკიმ უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გააუმჯობესოს შრომითი უფლებები საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაუადვილოს.
„ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაფართოების, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესების და მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერის საშუალებით.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს და მისი აღსრულება უზრუნველყოს. ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასთან და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს.
ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საბოლოო ჯამში „ოთხი თავისუფლების“ - საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებას და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს - როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა 9 მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს.
ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან ბრძოლას; საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაუმჯობესებას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან; პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას განსაკუთრებით 2024 წელს; საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას; სასამართლო რეფორმას; ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას; დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას.
პირობების შესრულება აუცილებელია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად.