„ოთხ დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დიპლომატი კვირას გამართულ აქციას „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შეეხო და აღნიშნა, რომ თბილისის ქუჩებში ნახა ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა.
„ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. დავინახე უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები - ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში, მათ არ უნდა ეძიონ უკეთესი ცხოვრება სადმე სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რაც საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგია.
„ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი. ასე რომ, წადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის. ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 26 ოქტომბერს გაიმართება. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად, პოლიტიკურმა გაერთიანებამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.