ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის ეკონომიკისა და მისი სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას ისახავს მიზნად. ახალი შეზღუდვები ფოკუსირებულია ისეთ კრიტიკულ სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსური მომსახურება, კრიპტო-აქტივები და რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ენერგეტიკის ნაწილში სანქციების სიაში მოხვდა საქართველოში, კერძოდ ყულევში მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ის რუსული ნავთობით ვაჭრობითა და მისი გადამუშავებით არის დაკავებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 17 ივნისს მიღებული რეზოლუცია, სადაც პირდაპირ იყო ხაზგასმული ამ ქარხნის სანქცირების საჭიროება.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ყულევის ქარხნის მიმართ ტრანზაქციების აკრძალვა ძალაში ექვსი თვის შემდეგ შევა. ეს დროებითი გადავადება სპეციალურად გაიწერა იმისთვის, რომ ქარხანას მიეცეს დრო რუსულ ნედლ ნავთობზე დამოკიდებულებისგან დივერსიფიკაციისთვის. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, ევროკომისია შეაფასებს ვითარებას და საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, კვლავ საჭიროა თუ არა ობიექტის სანქცირებულთა სიაში დატოვება.
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2025 წლიდან ამოქმედდა. იმავე წლის ოქტომბერში რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ყულევის ქარხანას ნოვოროსიისკის პორტიდან 105 340 მეტრული ტონა ციმბირის მსუბუქი კლასის ნავთობი მიაწოდა. წლის ბოლოს „რუსნეფტი“ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.
რუსულმა დამოუკიდებელმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ გამოავლინა, ქარხნის მფლობელებს, ბიზნესმენ მაკა ასათიანსა და მის პარტნიორებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობასთან. კერძოდ, გამოძიება მიუთითებს, რომ ასათიანის ბიზნესპარტნიორის ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილეა.
ამ საეჭვო კავშირების მიუხედავად, ყულევის პროექტს მყარი მხარდაჭერა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან. 2024 წლის პროექტის პრეზენტაციას ირაკლი კობახიძე პირადად დაესწრო, სახელმწიფოს კუთვნილმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ კი 5 მლნ აშშ დოლარის სესხით დააფინანსა.
გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, ფონდს გამოყოფილი საკრედიტო დაფინანსების 8.2 მილიონ დოლარამდე გაზრდა დაევალა.

სანქციები ახალი პაკეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფინანსურ და კრიპტო-სექტორებს. ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვა გააფართოვა 14 კრიპტო-პლატფორმაზე, რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში. ეს ზომა მიმართულია იმ სერვისების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან და პირველად იძლევა შესაძლებლობას, სრულად აიკრძალოს ტრანზაქციები ნებისმიერ იმ მესამე ქვეყნის კრიპტო-პროვაიდერთან, რომელსაც რუსეთი იყენებს. ევროკავშირი ამით ცდილობს ჩაკეტოს ყველა შესაძლო ხვრელი, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გადაადგილოს ფინანსები უკრაინაში ომის მხარდასაჭერად.
პაკეტი ასევე ითვალისწინებს ფართომასშტაბიან ზომებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, სადაც სანქცირებულთა სიას კიდევ 41 გემი დაემატა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა პირველად შექმნა სამართლებრივი საფუძველი იმ რუსი მებრძოლებისთვის ვიზების აკრძალვის შესახებ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილეობდნენ.
სანქციები ასევე შეეხო 56 სუბიექტს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსულ სამხედრო წარმოებასთან, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი დრონების მიმწოდებელ ქსელებთან.
21-ე პაკეტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია ინდივიდუალური სიების თვალსაზრისით და ჯამში 218 ფიზიკურ პირსა და სუბიექტს მოიცავს, მათ შორის 170 კომპანიასა და 48 პიროვნებას.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა: „სანქციების ყოველი რაუნდით ჩვენ ვავიწროებთ რუსეთის ეკონომიკას და მის შესაძლებლობებს, გააგრძელოს უკანონო ომი. ჩვენი 21-ე პაკეტი მოიცავს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტ სუბიექტს სიაში. ჩვენ დარტყმას ვაყენებთ ასზე მეტ ბანკსა და კრიპტო ოპერატორს, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 40-ზე მეტ გემს და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთსა და ბელარუსში. სიაში შეყვანილია 50-ზე მეტი სამხედრო-სამრეწველო სუბიექტი, ძირითადი აქტორები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოებაში. რუსეთი მხოლოდ მაშინ გამართავს მოლაპარაკებებს უკანონო ომის დასასრულებლად და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შესაჩერებლად, თუ მასზე ზეწოლა განხორციელდება. სანქციები ამ ზეწოლას აძლიერებს“.
თავის მხრივ, ევროკომისარმა ფინანსური მომსახურების საკითხებში, მარია ლუის ალბუკერკემ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანობას: „ევროკავშირი რჩება ერთიანად რუსეთზე ზეწოლის გაზრდაში.
სანქციების ამ 21-ე პაკეტით ჩვენ კიდევ უფრო ვზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობას, დააფინანსოს თავისი უკანონო ომი, ვკეტავთ ხვრელებს და ვაძლიერებთ აღსრულებას.
ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება - მივიყვანოთ რუსეთი შინაარსიან მოლაპარაკებებამდე და დავეხმაროთ უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის პირობების შექმნას“.
