ევროკომისიის პრეზიდენტს მოუწოდებენ, გიორგი კინოიანის რუსეთისთვის გადაცემა არ დაუშვას

პოლონელი ევროპარლამენტარი ქშიშტოფ ბრეჟა და ევროპარლამენტის კიდევ ხუთი წევრი ევროკავშირს მოუწოდებენ, მიიღოს სწრაფი დიპლომატიური ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სომხეთში დაკავებული, უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქის, გიორგი კინოიანის რუსეთში ექსტრადიცია. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში ევროპარლამენტარები წერენ, რომ კინოიანის სიცოცხლე საფრთხეშია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქისა და უკრაინაში მებრძოლის, გიორგი კინოიანის პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთში დააკავეს და ამჟამად რუსეთში ექსტრადიციის მოლოდინშია.

პარასკევს, 5 სექტემბერს, საღამოს, ბატონი კინოიანი სომხეთში, დაახლოებით 23:35 საათზე დაწყებულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატის გარეშე წარადგინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ექსტრადიციის პროცესი ფორმალურად შეიძლება რვა თვემდე გაგრძელდეს, ავტორიტეტული სომეხი იურისტები პრეცედენტზე დაყრდნობით იძლევიან გაფრთხილებას, რომ ის შესაძლოა რუსეთს ორ-სამ კვირაში გადასცენ.

თუ ეს მოხდება, ბატონი კინოიანის სიცოცხლეს დაუყოვნებლივი საფრთხე დაემუქრება. ეჭვგარეშეა, რა ელის მას: წამება, პოლიტიკური დევნა ან სიკვდილი“, - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრები ქშიშტოფ ბრეჟა, რასა იუკნევიჩიენე, მიხალ შჩერბა, ბორის ბუდკა, მარკეტა გრეგოროვა და პეტრას აუსტრევიჩუსი აწერენ.

წერილში ნათქვამია, რომ გიორგი კინოიანი უკრაინის ძალებთან ერთად აქტიურად იბრძოდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მისი დაკავება არა მხოლოდ პირადი ტრაგედიაა, არამედ გამოწვევას წარმოადგენს სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და ევროპული სოლიდარობის პრინციპებისთვის.

„2024 წელს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, ე.წ. „სასამართლომ“ მას დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა - გადაწყვეტილება, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, აღსრულდა სათანადო პროცესის აშკარა დარღვევით.

ეს მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის. ეს პირდაპირი გამოწვევაა სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და ევროპული სოლიდარობის პრინციპებისთვის.

სომხეთის თანამშრომლობა რუსეთთან აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლთა დევნაში მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ, მათ შორის უფრო ღრმა პოლიტიკური ჩართულობისკენ, მის მისწრაფებებს. ის ფაქტი, რომ ქვეყანა იძლევა ომის დანაშაულებსა და სისტემურ ჩაგვრაში პასუხისმგებელი რეჟიმისთვის პირების ექსტრადიციის საშუალებას, ძალიან სერიოზულ ეჭვებს იწვევს.

ევროკავშირმა სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება უნდა მოახდინოს. გიორგი კინოიანის ექსტრადიცია უნდა აღიკვეთოს. დუმილი ან დაყოვნება არასწორ გზავნილს გაუგზავნის რუსეთს, სომხეთს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინაში ფრონტის ხაზზე ევროპული ღირებულებებისთვის სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს.

მკაცრად მოგიწოდებთ, ეს საქმე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე წამოჭრათ და დაუყოვნებლივ, მტკიცე დიპლომატიური ზომები მიიღოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ გიორგი კინოიანი რუსეთის ხელისუფლებას არ გადაეცეს.

ევროკავშირის სანდოობა - ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი ადამიანების დაცვაში - სასწორეზე დევს“, - ნათქვამია წერილში.

29 წლის გიორგი კინოიანი, რომელიც უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა, 3 სექტემბერს, საქართველოდან სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს და ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

რუსეთს „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი, ხოლო მისი მეთაურ მამუკა მამულაშვილზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. მამულაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, კინოიანს სამაგალითოდ დასჯიან.

 

ამ თემაზე:

მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.